პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნება” პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს

30/01/2016

პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” გაზაფხულზე დაგეგმილი ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს. ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” წევრი გახდება. დღეს კი გამართულ შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ყრილობაზე, რომელიც გაიმართება გაზაფხულზე პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარადგინონ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილმა, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო, თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.
როგორც ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართული ოცნების” წევრად რჩება, – განაცხადა კალაძემ დღეს პრემიერისა და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ.
“ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრი როგორც ვიცი არის. განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ მას არ გაუკეთებია. ხოლო პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0