პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა. მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. გივი მოდებაძემ თავის გამოსვლაში ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება – დასრულდება 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, დასრულდება ბაგირგზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში, დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50 კმ-მდე ასფალტისა და ბეტონის გზა, მიმდინარე წელს დასრულდება რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია და თანამედროვე სავარჯიშო სისტემების მონტაჟი, სხვადასხვა მიმართულებით მოეწყობა ახალი გარე განათების სისტემები, დასრულდება გარე ფასადური სამუშაოები“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და სკოლამდელი აღზრდა. გამომდინარე აქედან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ათეულ სკოლას და საბავშვო ბაღს, ასევე აშენდება 3 საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.
„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს ექნება ახალი საზოგადოებრივი ცენტრი. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს თანადგომით ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი ხორციელდება. ჩვენ „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ვიზრუნებთ მაღაროელთა უფლებების დასაცავად და მათი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად. მოვუწოდებ ყველა ჭიათურელს, ყველა ახალგაზრდას დავდგეთ ერთად ჭიათურის აღმშენებლობისთვის და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის! მე მჯერა 2019 წლის 19 მაისს ჩვენ ავირჩევთ მშვიდობასა და სტაბილურობას და დავუბრუნებთ ჩვენს ღირსეულ ქალაქს ღირსებას“ – განაცხადა ჭიათურის მერობის კანდიდატმა.
„იმისათვის, რომ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
„მჯერა თქვენი მხარდაჭერით გივი მოდებაძე აუცილებლად გაიმარჯვებს, ამიტომ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გპირდებით, რომ განვითარების პროცესი, როგორც ჭიათურაზე, ისე მთელს საქართველოზე თანასწორად და სამართლიანად იქნება ასახული. მადლობა, რომ მხარს უჭერთ თქვენს ქვეყანას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თქვენთან ერთად მართლაც ბევრის გაკეთება შეუძლია“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.