პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა იმ დეპუტატებსაც მიეცემათ, რომლებიც პარლამენტში ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის სიით შესვლის შემდეგ, აღნიშნული პარტიის წევრობას დატოვებენ. ცვლილებების პროექტი, პირველი მოსმენით, კოლეგებს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააცნო. მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტში ანალოგიური შინაარსის ცვლილებები უკვე განხორციელდა და იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ შეექმნათ ფრაქციები, დეპუტატთა რაოდენობის მიუხედავად, შესაძლებლობა მიეცათ პოლიტიკური ჯგუფები შეექმნათ, რათა მათ სრულფასოვნად გამოეყენებინათ საპარლამენტო ბერკეტები.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები კი, ერთი და იგივე პარტიის სიით შემოსულ დეპუტატებს, რომლებმაც პოლიტიკური პარტიის წევრობა დატოვეს, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
რეგლამენტის ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს და აღინიშნა, რომ კანონპროექტის შემდგომ მოსმენისთვის წარდგენამდე, კონსულტაციების გამართვის შემდეგ, შესაძლოა, მასში სხვა სახის ცვლილებებიც განხორციელდეს.
პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები, საკანონმდებლო ორგანომ, 78 მომხრით 2-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო.
პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის დაწესებულ მოთხოვნებში ცვლილებები განხორციელდება
22/02/2023