პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები

12/01/2019

„დეტალურად ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. განცხადება ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. ჩვენთვის მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება თავად პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია და გასული წლის განმავლობაში მის მუშაობას თავად წარმართავდა.

„აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის: პარლამენტის წევრები, ასევე წარმოდგენილია მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურაზე, თუ რა სახით უნდა გაიწეროს, რა დონის საკანონმდებლო აქტით უნდა გაიწეროს ისინი და ა.შ. ამაზე რა თქმა უნდა, დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს არის ჩვენი ხედვა. უახლოეს მომავალში უნდა დაიგეგემოს და ჩაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია, თუმცა შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღებთ თითოეულ დეტალზე გადაწყვეტილებას. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ ყველაფერს ექნება ერთგვარი უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. იურიდულად შეუძლებელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, თუნდაც მთავრობის ან გენერალური აუდიტორის კანდიდატის წარდგენა. შესაბამისად, გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის რაზეც დღეს გვქონდა საუბარი, რომ ამ პროცედურას და კრიტერიუმებს ექნება ასევე უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი დეკემბერში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თითოეული ის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილი იქნება საგაზაფხულო სესიისთვის, დაექვემდებარება იმ პროცედურას და კრიტერიუმებს, რომელიც გაწერილი იქნება, დანარჩენი კი არის ტექნიკური მხარე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოფიქრებული იყოს სხვადასხვა ფორმა.

„არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება წარმოდგენილი განახლებული სია. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კანდიდატების ფორმალური ჩაგდების პროცედურა, ეს შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან ნებისმიერი სხვა რამ. მთავარი არის პოლიტიკური ნება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე წარმოდგენილი იყოს განახლებული სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება არ იქნება სწორი. დღემდე არის წარმოდგენილი ოთხი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის მიერ. გამომდინარე იქედან, რომ ამ კანდიდატების გაწვევა არის შეუძლებელი, ეს საკითხი ჰაერში არის გამოკიდებული. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს პარლამენტის მხრიდან, ეს არის ამ კანდიდატების ფორმალურად ჩაგდება. შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს, რომ ყველაფერი, რაც იყო ადრე, აღარ არის რელევანტური და ხდება ახალი კანდიდატების წარმოდგენა. ეს არის ტექნიკური ნიუანსები, თუმცა ამაზე მსჯელობა აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0