პოლიტიკა ჩემი მოწოდება არ იყო,

19/09/2016

ხომ მობრძანდით, ე.ი. საინტერესო პიროვნება ვარ, ისე არ მოხვიდოდით, ყველა ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე კითხვას, თუ რა სტატუსით მართავს ის შეხვედრებს მედიასთან. ივანიშვილმა მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოწოდება არ იყო პოლიტიკა.

”პოლიტიკა ჩემი მოწოდება არ იყო, მაგრამ რომ ვნახე, ქვეყანას გაუჭირდა და სხვანაირად არ წყდებოდა ეს პრობლემა, მე თავს უფლება ვერ მივეცი, რომ არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. ჩემს თავზე მაღლა ავედი და გავაკეთე. რაც არ მინდოდა და ცხოვრებაში არ მიფიქრია, მოვედი. თავშივე განვაცხადე, არავინ მომიტყუებია, რომ წავიდოდი. ამ ქმედებით და ჩემი გულწრფელობით, რომ ვაჩვენე, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და თანამდებობისთვის არ მოვსულვარ…. მოვედი, დავალაგე და წავედი და თანაც გავთვალე, რომ შუალედურ დროში წავედი. ასევე ვამბობ, რომ ბიზნესი არ მაქვს საქართველოში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რა სტატუსით საუბრობს ის დღეს მედიასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის დღეს არის მოქალაქე.

”დღეს რატომ ვხვდები მედიას და რა როლში ვხვდები, ხომ მობრძანდით თქვენ, ე.ი. საინტერესო პიროვნება ვარ, ისე არ მოხვიდოდით. ყველა ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს. ასევე ხდება სხვა რეგიონშიც. ე.ი. ინტერესი არის, ე.ი. რაღაც ნდობა საზოგადოებიდან არის და ეს არის მთავარი. ჟურნალისტებს, საზოგადოების ნებისმიერ წევრს, ვისაც ხელეწიფება და სურვილი აქვს, ვინ დაუშლის ასეთი ანალიზის კეთებას და გამონათქვამებს. კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მე ვარ მოქალაქის როლში და თანაც გათავისუფლებული ვარ ყოველგვარი პირადი ინტერესებისგან”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი პროექტი ჰქონდა გაკეთებული და კაციშვილი არ იცნობდა.

”ეს არის ჩემი ყოფა. მე ძალიან მიყვარს ბაღი, ადამიანები პირველ რიგში. საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება არ მომწონს, უკაცრავად ვარ, მაგრამ ასეც რომ დავდივარ რეგიონებში არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს, ვალდებულებად მაქვს მხოლოდ, რომ მგონია, ამით კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და სწორი მიმართულებით განვვითარდეთ. ეს არის სულ, ეს მაწვალებს. ამით ვერ ვჩერდები. როდესაც ვიჯექი და ვაკეთებდი, კინაღამ ქვეყანა თავზე დამანგრიეს და დამამხეს. თუ სახელმწიფო მოწყობა არ იქნა სწორი, არავითარი ქველმოქმედება და ბიზნესი არ განვითარდება და არაფერს აზრი არ ექნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0