პლენარულ სხდომაზე „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტი იქნება განხილული

21/03/2018

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად განიხილავს რეზოლუციის პროექტს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ.
დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განხილვა.
პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.
წარმოდეგენილი კანონპროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0