პარლამენტის წინაშე მინისტრის სტატუსით ლაშა ხუციშვილი პირველად წარდგა, პარლამენტის წევრებს და საქართველოს მოსახლეობას გლობალური პანდემიის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა გააცნო და პოსტპანდემიურ ეკონომიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა.
„კრიზისამდელ პერიოდში გვქონდა კარგი ეკონომიკური დინამიკა სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ეს ზრდა უპირველესად შიდა ფაქტორებით იყო გამოწვეული. ჩვენ ვიზრდებოდით მაღალი ტემპით, მაშინ, როდესაც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ზრდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველო იყო არა მხოლოდ ლიდერი რეგიონში. 2019 წელს ორჯერ მეტი ტემპით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა. ზრდა შეინიშნებოდა არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებელშიც. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური ზრდა საქართველოს ისტორიაში. ამ პერიოდში ეფექტურად შევძელით სიღარიბის და უმუშევრობის კლება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.
ლაშა ხუციშვილი გლობალური პანდემიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებულ მდგომარეობას შეეხო და პოსტპანდემიური ეკონომიკის დამაიმედებელ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება.
„გაუმჯობესებული ეკონომიკური დინამიკის გათვალისწინებით, მაისში მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3-დან 6.5 პროცენტამდე გაზარდა. თუმცა, საკმაოდ მაღალი ალბათობით შესაძლოა ოპტიმისტური სცენარის განვითარებაც. ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ოპტიმისტურ სცენარში, ორნიშნა, 10.2 პროცენტს შეადგენს,“ – განაცხადა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია რეფორმების გატარება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი მოლოდინები ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით. მძლავრი და ამბიციური რეფორმები არის ის, რამაც ეკონომიკა უნდა გაიყვანოს განვითარების ახალ საფეხურზე,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრმა ისაუბრა კაპიტალის ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმზე, ბაზრის, საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის და გადახდისუნარიანობის რეფორმებზე. მან თავის გამოსვლაში მკაფიოდ გაუსვა ხაზი რეფორმების მნიშვნელობას: „მხოლოდ რეფორმებში არის გასაღები მდგრადი ეკონომიკური წინსვლისთვის. მაისის ეკონომიკური შედეგების გაანალიზების შემდგომ, ჩვენ ვგეგმავთ წარმოგიდგინოთ ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში. ამ ცვლილებების მთავარი მიზანი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისკენ და ამავე დროს, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება“.