თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა „საძაგლობისთვის, რომელიც იკადრა“. ხიდაშელი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკელებს” პინგ-პონგის თამაში სურთ. ხიდაშელის თქმით, ამას არა ”პინგ-პონგი”, არამედ უღირს უზრდელობაზე პასუხი ჰქვია”.
”ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია. “შეფასებები უკვე გავაკეთე” არის პოზიცია, ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს “პატარა კაცისთვის”, უღირსობისა და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ. კითხვები არსებობსო – დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ“, – მიმართავს თინა ხიდაშელი ივანიშვილს.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი იქნა დაპატიმრებული, ხიდაშელის თქმით, „1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს“.
„ახლა არსობრივად – ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს „ნაცმოძრაობა“ რომ არსებობს ეს აღიზიანებსო – ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ – პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს, ამისათვის კი, რაც საჭირო იყო, ჩემს 2012-2013 წლის email-ებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ”, – წერს თინა ხიდაშელი.