პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

03/05/2016

2016-2017 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე (www.registration.emis.ge) და დასრულდება 25 მაისს – 20:00 საათზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულიდან.
მოსწავლის დასარეგისტრირებელად, აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში, შესაბამის ველებში მიუთითოთ ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, სურვილის შემთხვევაში ელექტრონული ფოსტა), აირჩიოთ სასურველი სკოლა და დააჭიროთ რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0