პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება

17/10/2022

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.
DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.
DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, DRG დაფინანსების მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს, ექიმებსა და სხვადასხვა ასოციაციის წევრებს წარუდგინა. დარგის წარმომადგენლებმა, დაფინანსების ახალი წესის, ანაზღაურების ფორმის და სქემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:
• გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია;
• ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა;
• გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა;
• მშობიარობა / საკეისრო კვეთა;
• ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები;
• კომბუსტიოლოგია;
• თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში;
• სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0