პირველად დამწყდა გული, რომ არ ვარ კაცი და თან კახელი

29/07/2016

ადეკვატური კომენტარი რომ გააკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია კახელი“, – ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ. მისი თქმით, ადეკვატური კომენტარი ამ კვლევებთან დაკავშირებით ძნელი გასაკეთებელია.

„პირველად დამწყდა გული რომ არ ვარ კაცი და თან კახელი, ხოლო რაც შეეხება სხვა შეფასებას, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩანს, ძალიან გულზე მოხვდათ საქართველოს უბლოკო სტატუსი, რაც არის საქართველოს რეალური გამთლიანების და ეკონომიკური წარმატების რეალური საფუძველი. ერთი რამ ფაქტია, ორი დღის წინ იყო გამოქვეყნებული, რომ ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულია რაოდენობა იმ ადამიანების, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება უნდა. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, სწორედ რუსეთთან წარმოუდგენია. ამ ფონზე ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა დღეს, ის კომენტარები და ციფრები რომლებიც გამოქვეყნდა, როგორც მოგახსენეთ, იმსახურებს იმ კომენტარს რომელსაც მე ადეკვატურად ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „დემოკრატიულ მოძრაობას“ პრაქტიკულად ძალიან ინტესიური კამპანია ჯერ დაწყებული არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან მუშაობს. ბურჯანაძეს თქმით, გარკვეული ტელევიზიების მხრიდან, სამწუხაროდ, პარტიის აქტივობები ინტენსიობით არ შუქდება.

„არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ჩვენი არა კეთილმოსურნეა, იმედი გაუცრუვდება და ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელიც გონივრულად უყურებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობას, გახარებული დარჩება იმ შედეგით, რომელსაც ჩვენ არჩევნებზე მივიღებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0