პირბადეს ჩვენ მიერ შემთხვევით გამოსროლილ სიტყვასთან ერთად უკეთურებაც შეიძლება გამოვაყოლოთ

18/02/2021

პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის დაწყებამდე, ოპოზიციის წარმომადგენელი ალექსანდრე ელისაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა. დეპუტატის მოსაზრებით, პარლამენტს არ უნდა მიეღო ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტი მოხსნის გადაწყვეტილება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში.

„ერთადერთი, ვინც სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღო და თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია არის პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის, მაგრამ მან ქვეყანა არ შეიყვანა კიდევ უფრო ძლიერი დაპირისპირების მდგომარეობაში. მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

უმრავლესობის წარმომადგენლის, ალუდა ღუდუშაურის პასუხით, საკანონმდებლო ხელისუფლების მთავარი ფუნქცია კანონშემოქმედებითი საქმიანობაა და პარლამენტი სასამართლო გადაწყვეტილებას იგნორირებას ვერ გაუკეთებს.
დეპუტატებმა მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.
მიხეილ სარჯველაძის შეთავაზებით, უფრო სწორი იქნება 20 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდეს და 40 ლარი იყოს განმეორების შემთხვევაში, ნაცვლად პირველი რედაქციით არსებული 50 ლარისა. მომხსენებელი ვლადიმერ კახაძე დაეთანხმა მიხეილ სარჯველაძის წინადადებას.

„პირბადეს ჩვენ მიერ შემთხვევით გამოსროლილ სიტყვასთან ერთად უკეთურებაც შეიძლება გამოვაყოლოთ. ამიტომ პოლიტიკური პირბადეც კარგი იქნება, რომ აზრები დახვეწილი, სწორი, გააზრებული და ქვეყნის სასარგებლოდ გამოთქმული იყოს“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

პლენარული სხდომაზე შესვენებისას ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით განხილვისთვის შეიტანეს დღის წესრიგში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო პლენარულ სხდომაზე განხილული კანონპროექტი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მიმდინარე კვირის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის გამო, პლენარული სხდომა ხვალ არ გაიმართება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, რიგგარეშე სხდომების გამართვის საკითხი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0