საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებმა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ანგარიშს მოუსმინეს. მან „მინისტრის საათის“ ფორმატში, უწყების მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მინისტრმა თავისი გამოსვლის ოფიციალური ნაწილი სამადლობელი სიტყვებით დაიწყო და საკანონმდებლო ინიციატივების და იუსტიციის უწყების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის პარლამენტს მადლობა გადაუხადა. სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების მნიშვნელობაზე, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ ახალ სერვისებზე და მიდგომებზე საუბრისას ყურადღება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზე, ქართული სამართლის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმისა და ახალი სატელევიზიო სტუდიის გახსნაზე, ასევე პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებზე გაამახვილა.
„პენიტენციურ სისტემაში თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა მაშინ, როდესაც 2011 წელს არასათანადო მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა. ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია თანამშრომლების ღირსეული სამუშაო პირობები, რადგან ყველაზე მთავარი რასაც ეს სისტემა ეფუძნება, ეს არის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ. დამერწმუნეთ, ეს არის ძალიან მძიმე სამსახური და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც თანამშრომლები პრაქტიკულად, პენიტენციურ დაწესებულებებში ცხოვრობდნენ. ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს მადლობას და სირცხვილია ის სიტყვები, რომელიც გვესმის ამ ხალხის და მათი ოჯახების მიმართ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის ექნებათ ჩვენი ძალიან მტკიცე და ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა მინისტრმა.
პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება.
„გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება. იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა. გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს. ასევე ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე. მოსამსახურეები, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წლების ნამსახურეობის მიხედვით დანამატს მიიღებენ, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
უწყების ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება და ქვეყნის შიგნით, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად მომზადებულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს და მიყვება იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყნის უკეთესი განვითარებისკენ არის ორიენტირებული.
„არ შემიძლია არ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა არ გადავუხადო უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ღირსეულად და პატიოსნად ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი წარმატება, მრავალი სიახლე გველოდება წინ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ გამოსვლის დასასრულს.