პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა სერტიფიცირება გრძელდება

27/01/2017

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის იმ მოსამსახურეთა გადამზადება გრძელდება, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ, მუშაობას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაგრძობენ. თანამშრომელთა სერტიფიცირებას „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. ამავე კანონის თანახმად, სასწავლო ცენტრში პირველადი მომზადების სასწავლო კურსს გადიან თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეებიც. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსსაც გაივლიან. სასწავლო ცენტრში სერტიფიცირების პროცესი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2017 წლის 1 აპრილამდე დასრულდება. 2015 წლიდან დღემდე, სასწავლო ცენტრში სერტიფიცირება გაიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2551 მოსამსახურემ – სამართლებრივი რეჟიმის და უსაფრთხოების განყოფილებების, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს, სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს, სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს, გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. სერტიფიცირების მიზანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მომზადება და გადამზადება სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს კი, თავის მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას შეუწყობს ხელს და სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0