სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო-სადღესასწაულო ლიტურგიისას წაიკითხეს.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის. საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა“, – აცხადებს პატრიარქი.
მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად ადამიანმა აღასრულოს, ლოცვაა, რადგან პატრიარქის თქმით, ლოცვა ღმერთთან საუბარი და სინანულია.
„ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის. აი, როგორ გვარიგებს მოციქული: ,,უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს…რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს…და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო…ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას” (იაკ. 5. 13, 15-16). მართალში კი, მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან ,,სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა” (კოლ.3,15)“, – განმარტა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე შეფასებით, მსგავსი ადამიანი სხვებისგან დიდად განირჩევა. იგი ,,სულგრძელი და ტკბილია“.
„სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (Iკორ. 13.4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში, სადაც პატრიარქი აღნიშნავს, რომ ეს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს.
„ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე. მდიდარი ხარ? _ მოწყალება უხვად გაეცი. თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე…
თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ“, – მიმართავს პატრიარქი მორწმუნეებს.