სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, მსოფლიო ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას კარგავს და მის ადგილს გაყალბებული სიყვარული იკავებს.
ამის შესახებ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიისას წაიკითხეს.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა, დღეს სიყვარულს უწოდებენ, თუმცა იგი ნამდვილი სიყვარულისგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
“ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან. სწორედ მოჩვენებითი სიყვარულია დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზი. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და “ახალი სიყვარულის” ძებნას იწყებენ”, – აცხადებს პატრიარქი.
მისივე განმარტებით, ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას. ასეთ გარემოში კი, ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.
“აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?”, – აღნიშნა ილია მეორემ.
საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ასევე, ქორწინების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა.
“ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა. ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.
რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით”, – აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.