პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს სახელმწიფო დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა

14/01/2016

პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები მიიღო და მათ სიტყვით მიმართა.
“მოგესალმებით ახალგაზრდებო, რომლებმაც დღეს საქართველოს 9 წერტილში, აღმართეთ ეროვნული დროშა და მობრძანდით აქ, ამ დღის აღსანიშნავად. მივესალმები იუნკერებს, რომლებიც ამ დროშის ჭეშმარიტი მცველები არიან. მივესალმები მთელ ქართულ საზოგადოებას და ყველა ქართველს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ეს დღე განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ ჩვენ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დავამზადეთ ეროვნული დროშის ორიგინალი, რომელიც საქართველოს გერბთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში იქნება დაბრძანებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, დღეს, როდესაც ვზეიმობთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, პირველ რიგში პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა.
“ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა მრავალი საუკუნეების განმავლობაში, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მარადიული ხსოვნა მათ ნათელ სახელებს”, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0