პატარა ლილოში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

27/03/2016

სამგორის რაიონში, პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ მამუკა ჩოქურთან ერთად დაათვალიერა. ამასთან, მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასაც დაპირდა.
ამ ეტაპზე, სამ კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, ინერტული მასალის შეტანა და გასწორება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის ახალი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყობა ახალი სანიაღვრე არხი.
დავით ნარმანიას თქმით, დასახლებაში მისასვლელი გზის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა, ამიტომ, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს გზა კაპიტალურად კეთდება, იცვლება საფუძველი, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ამით მოგვარდება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. გარდა ამისა, ადგილობრივებთან დასახლებაში არსებულ სხვა საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. მათ სურთ საბავშვო გასართობი მოედანი. საკითხს გამგეობასთან ერთად განვიხილავთ და ამასაც გავაკეთებთ. რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია, რომ დასახლებამდე მოსასვლელ გზასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ გვარდება. “,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ადგილობრივების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს დასახლების გაფართოებას.
პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0