პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი განიხილეს

17/11/2022

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველა ძირითადი ფისკალური პარამეტრი კანონით განსაზღვრულ ზღვრებს უბრუნდება. მთავრობის ვალის მაჩვენებელი იმაზე უფრო დაბალ ნიშნულზე იგეგმება, ვიდრე ეს გვქონდა პანდემიის დაწყებამდე“. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვების შემდეგ, სამინისტრომ დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გააანალიზა და დამატებითი კონსულტაციები გამართა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი არ შეცვლილა და პირველადი ვერსიის პარამეტრებით არის წარდგენილი. მინისტრმა იმ ფაქტორებსა და რისკებზე ისაუბრა, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს ახლავს თან. მისივე განცხადებით, მომდევნო კვირაში 2022 წლის ეკონომიკური პარამეტრების საბოლოო პროგნოზების გაცნობის შემდეგ, არსებული მაჩვენებლები სამინისტროს საშუალებას მისცემს განაახლოს 2023 წლის ფისკალური მაჩვენებლები და განახლებული პროგნოზების ფარგლებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი მოამზადოს. ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ბიუჯეტის ხარჯვის მთავარი მიმართულებები გააცნო.

„2022 წელს არსებული პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდა 8.5 პროცენტია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 6,500 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს ჩვენ მომდევნო კვირაში ზრდის მიმართულებით გადავხედავთ. პანდემიის დროინდელი შენელების შემდეგ, აღდგენა დაიწყო ინვესტიციების მოცულობამაც, რაც საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და ველოდებით, რომ საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილმა ტურიზმის აღდგენის მიმართულებებზე და ეკონომიკაში მის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმი ეკონომიკური აღდგენის უმთავრესი კონტრიბუტორია.

„მნიშვნელოვანია, რომ 9 თვეში უკვე, პრაქტიკულად, 100-პროცენტიანი აღდგენა გვაქვს ნომინალურ გამოსახულებაში. რაც შეეხება ვიზიტორების სტატისტიკას, აღდგენის მაჩვენებელი რაოდენობაში, საშუალოდ, 60 პროცენტამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს კვლავ რჩება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შემდგომი წლების ეკონომიკურ ზრდაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, მომხსენებელმა ბიუჯეტის დეფიციტის და საგარეო ვალის შემცირების ტენდენციებზე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდ მაჩვენებლებზე ისაუბრა. რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტის რესურსს, მინისტრის თქმით მისი მოცულობა 23,1 მილიარდ ლარს შეადგენს.

„ბიუჯეტის რესურსის 26 % – (6,1 მლრდ. ლარი) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობის პროექტებზე მიიმართება. 11% (2,6 მლრდ. ლარი) განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზეა გამოყოფილი. ასევე, 11 %-მდეა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსება. კულტურისა და სპორტის დაფინანსება შეადგენს 831 მილიონ ლარს, გარემოს დაცვა – 617 მილიონ ლარს, პენიტენციური სისტემისთვის კი 227 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ვალების მომსახურება 1 მილიარდ 170 მილიონი ლარი, ყველა სხვა დანარჩენი მიმართულების დაფინანსებაზე ბიუჯეტის მთლიანი რესურსის 8 პროცენტზე ნაკლები მიიმართება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების გამოსვლებით გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0