პარლამენტში წარდგენილ „ამნისტიის შესახებ“ პროექტს, სავარაუდოდ, 11 იანვრის სხდომაზე დაამტკიცებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს ხვალ, მესამე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და სავარაუდოდ ხვალვე, პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. პარლამენტში წარდგენილი პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). პირველი მოსმენის შემდეგ, მუშაობა იმ მიმართულებით წარიმართა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ის სფეროები, რაც პროექტის ინიციატორებს შესაძლებლობას მისცემდა, იმ პირთა წრე გაეფართოებინათ, ვისაც ამნისტია შეეხებოდა.
„ძირითადი მიმართულებები, რა მიმართულებითაც ცვლილებები იქნა შეტანილი, არის ორი: ერთი, რომ გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლისთვისაც გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება დაექვემდებაროს ამნისტიას, მეორე მხრივ, საუბარია ზოგიერთ შემთხვევაში მუხლების ნაწილების შედარებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაცვლად თავდაპირველ რედაქციაში არსებული მთლიანად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა, ზოგიერთ შემთხვევაში გათვალისწინებულია სასჯელის გარკვეული ნაწილით შემცირება-განახევრება და მეოთხედით თავისუფლების აღკვეთის შემცირება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაჩნდა შესაძლებლობა, გარკვეული დაშვებით, გარკვეული პირობებით გავრცელდეს ამნისტია, კერძოდ, ცალკეული კატეგორიის მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდა შინაპატიმრობით მოხდეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება არასრულწლოვანთა მშობელი ქალებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა შინაპატიმრობით, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც სტატუსი მოიპოვეს პატიმრობის პერიოდში და ამით საკუთარი განწყობა რესოციალიზაციის მიმართულებით დაადასტურეს და, შესაბამისად, შეიძლება, რომ მათზე ეს შეღავათი გავრცელდეს. ამით მეტი და უკეთესი შესაძლებლობა მიეცემათ ამ პირებს რესოციალიზაციისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსებში.