იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. დღეს კომიტეტმა ერთ კანდიდატს, თამარ ალანიას მოუსმინა.
„ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. პირველად საქართველოს ისტორიაში ამ ფორმით ვატარებთ გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ პროცესთან მიმართებაში. ჩვენი ამოცანაა და პირადად ჩემი ამოცანაა პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, პროცესი იყოს გახსნილი და ეს იყოს საზოგადოებრივი პროცესი იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი ამ ისტორიულ პროცესს. ჩვენი ამოცანა და მიზანია ავირჩიოთ პროფესიონალი მოსამართლეები ისეთ სასამართლოში, როგორიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლო – უმაღლესი ინსტანცია და მოსამართლეები განწესდნენ უვადოდ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
კანდიდატის მოსმენამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტთან შეთანხმებით, საჯარო სხდომაზე მოსმენის პროცედურა განსაზღვრა. კანდიდატთან ინტერვიუსთვის დრო გამოეყო: ყველა საპარლამენტო ფრაქციას, დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე, სახალხო დამცველის, სამეცნიერო სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის, ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა წარიმართება ამერიკული მოდელის მიხედვით.
„ჩვენ, ვიდრე ამ პროცესამდე მოვიდოდით, გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ის საუკეთესო მოდელი, რომელიც მათ აქვთ აგვეღო, გაგვეზიარებინა და მოგვეხდინა ამის იმპლემენტაცია საქართველოს პარლამენტში – იურიდულ საკითხთა კომიტეტში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პროცესს მონიტორინგს გაუწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის მონაწილეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, თამარ ალანიას ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო, რის შემდეგაც კანდიდატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართა.
„ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი იმიტომ, რომ საქართველოს და შეიძლება ითქვას, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ალბათ პირველია, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის განხილვა უნდა მოხდეს ისეთი გამჭვირვალობით, როგორიც დაადგინა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა. ეს გახლავთ ისტორიული მოვლენა და ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე წარდგომა“, – განაცხადა თამარ ალანიამ.
გასაუბრების პროცედურის დროს, თამარ ალანიას კითხვები დაუსვეს მისი სამოსამართლეო კარიერიდან რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 14 წლის მსჯავრდებულის, გვანცა ყუფარაძის საქმეზე და „მუხროვანის ამბოხზე“. კითხვები შეეხებოდა, ასევე: 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტში გადაგზავნილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას, 2012 წლამდე მის სამოსამართლეო საქმიანობას და სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომაროებას, გირგვლიანის საქმეს, კანდიდატის პროკურატურაში საქმიანობის პერიოდს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და სხვა საკითხებს.
სხდომის მონაწილეები დაინტერესდნენ თამარ ალანიას მოსაზრებებით ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან, ხელოვნური აბორტის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვასთან, ადამიანის უფლებების კუთხით უზენაესი სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან და მართლმსაჯულების სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ორი მოქალაქის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც თამარ ალანიას კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო. გასაუბრების დასრულების შემდეგ, სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა.
„ჩვენი ამოცანა იყო ყველა ის შეკითხვა დასმულიყო, რაც როგორც პროფესიულად, ასევე თქვენს პირად კარიერასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს. ვფიქრობ, რომ ამერიკული მოდელი შედგა. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავედით და დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს ხვალ მოუსმენს.