სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა.
მისი განმარტებით, ანგარიში პარლამენტში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის დროს უნდა განხილულიყო თუმცა, განვითარებული მოვლენების გამო, მისი განხილვა ამ დრომდე გადაიდო.
„იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2019 წელს, მზად ვარ ასევე, შევეხო იმ მოვლენებს და განვიხილოთ ის საკითხები, რაც მიმდინარე წელს განვითარდა და ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში საკმაოდ მოცულობითია და 2018 წლის გარდა მასში, ასევე, გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც საანგარიშო პერიოდამდე წარმოიშვა და 2019 წელსაც გაგრძელდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა აქტიურად იმუშავა იმ უწყებებთან, რომელთაც რეკომენდაციები წარედგინებათ.
„როგორც პოზიტივი, მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის საერთო რეკომენდაციების ყველაზე მეტი, 75% გაითვალისწინა და ასახა დადგენილებაში ისინი, როგორც სავალდებულო რეკომენდაციები. წელს უკვე საქართველოს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აისახოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების 84%-ზე მეტი, რაც მისასალმებელი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სიცოცხლის უფლების ჭრილში ანგარიშში განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიება.
„სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტმა ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დაადგინოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ანგარიშში საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის გამოძიების ეფექტიანობაზე, სიცოცხლის უფლების ჭრილში ანგარიშში განხილულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. ასევე, დაწესებულებაში ლევან კორტავას სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული არაპროპორციულად მსუბუქი სასჯელების საკითხი.
სახალხო დამცველის შეფასებით, არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლამ არასწორი კვალიფიკაციის, დაზარალებულის ჩართულობის, დროული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების კუთხით არსებული პრობლემები გამოავლინა.
„სიცოცხლის უფლებასთან და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ითხოვს კანონმდებლობის ცვლილებას და მანდატის გაფართოებას, რათა ჰქონდეს წვდომა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მასალებზე, რაც ეხება სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის განსაკუთრებული ყურადღების საგანია პენიტენციური დაწესებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები და ფსიქიატრიული დაწესებულებები. ანგარიშში სამივე მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესია წარმოდგენილი.
მომხსენებლის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2018 წელს, საკმაოდ აქტიურად ითანამშრომლა პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან.
„პრევენციული ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის საჭირო გარანტიების ჯეროვან და განუხრელ დაცვას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
სახალხო დამცველის განმარტებით, სისტემური გამოწვევები არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თავში საუბარია უკანონო დაკავებების შემთხვევებზე. მომხსენებლის განმარტებით, 2018 წლის ანგარიშში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ეთმობა. სახალხო დამცველის შეფასებით, 2018 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, გამოწვევად რჩება არაჯანსაღი და განსაკუთრებით პოლარიზებული მედიაგარემო.
„შეკრების თავისუფლების რეალიზაციის კუთხით, მთავარ პრობლემას სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობის უკანონოდ შეზღუდვის პრაქტიკა და კონტრდემონსტრაციების არაეფექტიანი მართვა წარმოადგენდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
2018 წლის ანგარიშში ცალკე საკითხად არის გამოყოფილი საქართველოში გაერთიანების უფლების რეალიზაციის პრობლემები, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენელთა მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობით არის გამოწვეული. მომხსენებლის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია, ქვეყნის წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით აქტუალურია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები.
სახალხო დამცველის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, თუმცა მისივე განცხადებით; „წინგადადგმული ნაბიჯია 2019 წლის თებერვალში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება“.
ანგარიშში კიდევ ერთი სიახლეა – შრომითი უფლებები სპეციფიკური რეჟიმის დაწესებულებებში. საუბარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ „112“-ის თანამშრომელთა დღიური სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობრივი საზღვრების არარსებობაზე.
სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პაციენტთა უფლებების არაეფექტიან დაცვასა და ხარისხიან სერვისებზე ხელმიუწვდომლობაზე.
„სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს მიზნობრივი შემწეობის დანიშვნის მეთოდოლოგიური ხარვეზები. ასევე, არათანმიმდევრულია ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა უსახლ-კარო პირების თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. არ შემუშავებულა ხანდაზმულ პირთა ინტერესებზე ორიენტირებული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო უფლებაზე.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
„სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით განსაკუთრებულ პრობლემად იკვეთება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების მიუწვდომლობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი და ა.შ. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ეროვნული უმცირესობების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კვლავ აქტუალურია ეროვნული უმცირესობების განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი. მომხსენებლის განცხადებით, სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებები.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ყველაზე მძიმე იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე. ასევე მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლების და ბავშვთა უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებული ვითარება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი თქმით, საკმარისი არ არის დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე, ყურადღება ეთმობა თვითნებური დასჯის პრაქტიკასა და სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებებს. სახალხო დამცველი საუბრობს ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და წარმოდგენილ რეკომენდაციაში შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. მომხსენებლის განმარტებით, თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
„თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას იწვევს დაუცველი ჯგუფების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს და მის აპარატს გაწეული შრომისთვის.
„თითოეული თავი, საკითხი, რაც არის შეფასებული, მოითხოვს ბევრი თანამშრომლის დაუღალავ შრომას, დაწესებულებების შემოწმებას, ფაქტების ანალიზს, მონაცემთა შეგროვებას, ამიტომ დასაფასებელია, რომ სფეროების მიხედვით ასეთი დეტალური მიმოხილვა და შეფასება არის მოცემული. ომბუდსმენი არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, ამიტომ ბუნებრივია ყოველწლიურად ჩვენი მოლოდინი არის რომ მეტი ყურადღება დაეთმოს პრობლემების შეფასებას და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბებას სწორედ, პრობლემებთან მიმართებაში. წარსულში, სამწუხაროდ, არსებობდა ისეთი განწყობები, რომ ომბუდსმენს ძირითადად უნდა ესაუბრა პროგრესზე, დადებით მიღწევებზე. რა თქმა უნდა არის ამ ანგარიშშიც ის ცვლილებები, რაც დადებითად არის შეფასებული თუმცა, ბუნებრივია, პარლამენტში პირველ რიგში, არის მოლოდინი, რომ ომბუდსმენი აქ მოიტანს პრობლემებს, მოიტანს ობიექტურ შეფასებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს მე ველი რომ იქნება ბევრი შეკითხვა მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს ვრცელი და დეტალური პასუხები გასცა. კოლეგებს სიტყვით მიმართა საკითხზე თანამომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.
„წელსაც ისევე, როგორც წინა წლებში, ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა სახალხო დამცველის ანგარიშით წარმოდგენილი რეკომენდაციების გაზიარების კუთხით, რომელიც 84%-ს შეადგენს. წარმოდგენილი ანგარიში უნდა შეფასდეს ცალსახად დადებითად, რადგან ეს არ არის მხოლოდ რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების უკან არის ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული სიკეთეები და რეფორმები მიმართულებების მიხედვით“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
თანამომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში იყო ასახული. მისი თქმით, მიმართვიანობამ იკლო როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე, პოლიციაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. მისი თქმით ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სერვისების ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით გაზრდილია დაფინანსება.
„ცალსახად არის დადებითი ტენდენციები, რაც 2018 წელს დაადგინა სახალხო დამცველმა და ეს ობიექტურობისთვის აუცილებლად უნდა იქნას აღნიშნული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მან გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. მისი თქმით, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურებაზე მაღალი ფასები. მან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, სიღარიბის დაძლევა დაასახელა. ასევე, ისაუბრა სოციალური ქულების თემაზე, რომელიც მისი თქმით, რჩება ასევე, დიდ გამოწვევად.
„სოციალური ქულების თემა არის ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ სახელმწიფო რესურსების, თანხების მობილიზება იმისთვის, რომ მივიდეთ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებამდე, იმ ადამიანებამდე, ვისაც რეალურად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
მისი განცხადებით, სერიოზული პრობლემები არსებობს ბავშვთა უფლებების მიმართულებით, რომელიც საჭიროებს სერიოზულ რეფორმას. თანამომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტია გასაკეთებელი.
„ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც გამოვლენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და ექნებათ მომავლის იმედი, ექნებათ პროფესია და შანსი იმისა, რომ იყვნენ რეალიზებული საზოგადოებაში“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც თანამომხსენებელმა აღნიშნა, მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიციამ საკუთარი და ძირითადი ფუნქცია, რაც არის პირველადი პრევენცია – ჯეროვნად შეასრულოს.
„ჩვენ გვჭირდება პოლიცია, რომელიც ხალხს უყვარს, რომელიც ხალხს ეხმარება და იცავს მის უფლებებს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
მისივე განცხადებით, პროკურატურამ მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეები აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს იმისთვის, რომ სრული ჭეშმარიტება დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები.
მან ასევე, ისაუბრა განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მისი განცხადებით, ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით უმცირესობები.
„მე ბევრი შემიძლია ვისაუბრო გამოწვევებზე, მაგრამ საბოლოო სახით შემიძლია ვთქვა, არ არსებობს იდეალური სახელმწიფო, ერთადერთი, რაც არსებობს, არის მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ და სწრაფვა უკეთესობისკენ. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა, გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულ ადამიანებს სიკეთეს მოუტანს. ისევ და ისევ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური განსხვავებები და როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, ყველანი ერთად დავდგეთ, ყველამ ერთად დავიცვათ ადამიანის უფლებები. ამ შემთხვევაში, თქვენი ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს მხარდაჭერა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ნამდვილად სიკეთეს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
რეგლამენტით დადგენილი წესის თანახმად, სხდომა ფრაქციებისა და ცალკეული დეპუტატების გამოსვლებს დათმო.
ცალკეული დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი „დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ქვეყანაში დგას, არის მმართველობის სერიოზული პრობლემები. ვგულისხმობ, კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფას. თქვენგან გვინდა მოვისმინოთ ის სტანდარტი, რომ შეშფოთებას გამოხატავთ იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციურ პრინციპებს, კანონის უზენაესობას შეექმნა პრობლემა“.
სერგო რატიანი: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ანგარიში, რომელიც მე მომისმენია. სერიოზული საგანგაშო ვითარება არის მრავალი მიმართულებით. პირველ რიგში, ეს არის ადამიანის სიცოცხლის უფლების მიმართულებით“.
გედევან ფოფხაძე: „ვისურვებდი რომ სახალხო დამცველის ანგარიშში უფრო მეტი ანალიტიკა იყოს და აქცენტები იყოს სისტემურ პრობლემებზე. ეს არის ის, რაზეც უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. თუ სახალხო დამცველის მანდატს ვზრდით, შესაბამისად, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ მას მივცეთ შესაძლებლობა გადაწვდეს იმ პრობლემების მიზეზებს, რომელიც ქვეყანაში არის“.
საპარლამენტო ფრაქციები
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“:რომან გოცირიძე- „დღეს წარმოდგენილი მოხსენება იყო საკმაოდ მწვავე და ობიექტური. ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრული ყველაზე მთავარი ნორმა. მთავრობას, სასამართლოს, პროკურატურას, პარლამენტს, ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი“.
თინათინ ბოკუჩავა: „ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ სახალხო დამცველის ოფისს ჰქონდეს წვდომა საგამოძიებო მასალებზე იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია სიცოცხლის ხელყოფაზე, წამებაზე და ადამიანის არასათანადო მოპყრობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო უწყების მიმართ უნდობლობა გაზრდილია ბოლო 7 წლის მანძილზე. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდია ის როლი, რაც სახალხო დამცველმა უნდა შეასრულოს“.
პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები: ადა მარშანია- „თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი ქვეყანაში. მართალია, თქვენ ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით. ჩვენ ბევრ ფუნდამენტურ საკითხებს სულ სხვადასხვანაირად ვხედავთ და ჩვენთან ერთად, საზოგადოების დიდი ნაწილი. ნუ აფეტიშებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დებულებებს და შეხედულებებს. პირველ პლანზე დააყენეთ ჩვენი ეროვნული ინტერესი, ეროვნული იდენტიფიკაცია, ჩვენი ქვეყნის და ერის სახე“.
ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“: ლელა ქებურია- „ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა ბავშვთა უფლებრივი მდგომარების კუთხით. სტატუსშეჩერებულ მოსწავლეთა რიცხვი ერთი წლის განმავლობაში არის გაორმაგებული და კონსტიტუციური უფლებით ვერ სარგებლობს 10 000-ზე მეტი ბავშვი. ასევე, მნიშვნელოვანია რამდენად უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოში უწევთ მოსწავლეებს სასწავლო დროის გატარება და ამ ანგარიშის მიხედვით, ქვეყნაში არსებული სკოლების მხოლოდ მეოთხედი აკმაყოფილებს ფიზიკური მოწყობისა და სანიტარული მდგომარეობის მინიმალურ სტანდარტს“.
გიორგი ტუღუში: „ორგანოები, რომელთაც აქვთ კომპეტენცია გამოიძიონ დანაშაული, საუბარია მთავარ პროკურატურაზე, მათ შეიძლება თამამად წავუყენოთ პრეტენზია, რადგან მათ მიერ წარმოებული გამოძიება, არათუ ნდობას არ იმსახურებს, არამედ, არის აბსოლუტურად არაეფექტური, როდესაც საკითხი ეხება ე. წ. სენსიტიურ საქმეებს. ჩვენ დროა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მანკიერი წრე გაირღვეს. პროკურატურა ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტს. იმისთვის, რომ ნდობა დაბრუნდეს, საჭიროა საუბარი ძირეულ რეფორმაზე და მთლიანად გამოძიების ფუნქციის გატანაზე პროკურატურის გარეთ“.
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები“: სიმონ ნოზაძე- „თქვენთვის დამახასიათებელი კრიტიკით, ზოგჯერ მძაფრი კრიტიკით იყო წარმოდგენილი ანგარიში. სასიამოვნო არ არის ზოგჯერ თქვენი მძაფრი კრიტიკის მოსმენა, მაგრამ იქ სიმართლე ბევრია და ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს. თქვენს მოხსენებებში თანდათან იზრდება მთავრობის მიერ, ხელისუფლების მიერ გაკეთებული ღონისძიებების დადებითი ტენდენციები ესეც თქვენს ობიექტურობაზე მიუთითებს“
ფრაქცია „ქართული ოცნება“: რატი იონათამიშვილი- „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე და თავისუფლების დაცვაზე, კომპრომისები ნამდვილად არ არსებობს, ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ მაქსიმალისტები, რადგანაც თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მთლიანად საზოგადოების. ჩვენ ერთმანეთის უფლებების დაცვაზე ვართ დამოკიდებული, ერთმანეთის თავისუფლებაზე ვართ დამოკიდებული და ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ნიშანსვეტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადი გზით ვითარდებოდეს“.
ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: „მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს თქვენს ანგარიშში რამდენიმე საკითხი, რომელსაც არ ვეთანხმებოდე, აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ძალიან ყურადღებით გაიაროს თითოეული პუნქტი თქვენი ანგარიშის მიხედვით და შესაბამისი რეაგირებები დაგეგმოს მათთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ, გამოადგება კიდევ უფრო მეტ განვითარებას, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მე ვფიქრობ, რომ ის საკითხები, რომელიც თქვენს ანგარიშში იყო მოყვანილი, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, და ასევე, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არ „გავატაროთ“ არცერთი ტყუილი, რომელსაც საზოგადოებას თავს ახვევს ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილშიც“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი: „რეალობა არის ის, რომ შეიცვალა დამოკიდებულება ხალხის მიმართ, ადამიანის უფლებების მიმართ, ზოგადად, ადამიანის მიმართ და ყველა უწყებას ეს ეტყობა. პრობლემები ბევრია, მაგრამ ასეთი სვლით, ასეთი გეზით, მე მგონი, ამასაც დავძლევთ. სწორი დასკვნების გაკეთება არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამაში გვეხმარება სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში“.
სხდომაზე გამოსვლების დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით წარდგა სახალხო დამცველი.
„ჩვენ გვიხარია თითოეული ის წარმატება, რაც ადამიანის უფლებების დაცვის თუ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით ხდება. ჩვენი საქმიანობის მიზანი არის ის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, იყოს პროგრესი და ამას აღვიქვამთ ჩვენ როგორც ჩვენი საქმიანობის წარმატებას. ჩვენი გასული წლის საქმიანობა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად მიგვეტანა უწყებებამდე. ამ მიმართულებით, ნამდვილად, გვქონდა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისი განცხადებით პოლიტიკურ პარტიებს შორის, მათ შორის მწვავედ დაპირისპირებულ პარტიებს შორის, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია მოიძებნოს კონსენსუსი.
„პირველ რიგში ჩვენ უნდა ვუთხრათ ძალადობას არა! ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი პირის მიმართ, იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტები, მხარდამჭერები, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირები, თუ ძალადობა სახელმწიფო წარმომადგენლების და პოლიციელების მიმართ. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაემიჯნოს ძალადობას და ამასთან დაკავშირებით უნდა დაფიქსირდეს ცალსახა პოზიციები, ისევე, როგორც სიძულვილის ენის გამოყენებასთან და ძალადობის წახალისებასთან დაკავშირებით. ეს ორი არის ის საკითხი, რაც ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიზიაროს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტში მყოფ პარტიებს სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის მიმართ ნდობის არსებობისთვის.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რთულია შეინარჩუნო ნდობა, ოპოზიციისა თუ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მომავალ წელსაც ვეცდებით ამ ზღვარზე ძალიან ფრთხილად გავიაროთ, ვიყოთ ძალიან კრიტიკულები თუმცა, არ დავკარგოთ ობიექტურობის შეგრძნება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
„პარლამენტი მოწოდებულია, მოუსმინოს ომბუდსმენის ანგარიშს – საპარლამენტო, მაკონტროლებელ მექანიზმს. ჩვენ კი არ უნდა დავიცვათ პოზიციები, კი არ უნდა ვუპასუხოთ კრიტიკას, არამედ, თვალი უნდა ვადევნოთ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების განხორციელებას. პარლამენტი ამ განწყობით მუშაობს და დღევანდელ სხდომაზე ეს კარგად გამოჩნდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენის ინსტიტუტის მნიშვნელობა სწორად ესმით და ყოველ ჯერზე, როდესაც სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მიდის, დეპუტატები მის კრიტიკულ შეფასებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის პოზიციებით არ ხვდებიან.
„შესაძლოა, ჩვენ კიდევ გვჭირდება პარლამენტში პოლიტიკური კულტურის განვითარება ისე, რომ ომბუდსმენის შეფასებები არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებული, მაგრამ დღეს, ვფიქრობ, წარსულთან შედარებით და გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო ამ დარბაზში ომბუდსმენის ანგარიშების და ინსტიტუტის მიმართ, დღეს საქართველო ბევრად უკეთეს ფორმაშია და ბევრად მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს ომბუდსმენის საქმიანობასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი არის არა პიროვნებები, არამედ ინსტიტუტები და ეს დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში, როდესაც თქვენ ანგარიშს წარმოადგენთ, მთელი რიგი მიმართულებებით, რეკომენდაციების სათანადო შესრულების მაჩვენებელი გვექნება და გაგრძელდება ის პროცესი, რასაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია. ეს არის მუდმივი პროცესი და მას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის პირველი და მთავარი პირობა, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, იყო სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვა და სათანადო გარანტიების შექმნა. მომდევნო არჩევნებში ყველა შემდეგი პირობა იყო ის, რომ ჩვენ ამ მიღწევებს და ამ გარანტიებს შევინარჩუნებდით. ეს მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.