პარლამენტში კამპანია – „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა

27/06/2020

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტისა (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, კამპანიის – „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ დახურვის ცერემონია გამართეს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს არის ასოცირების ხელმოწერიდან ექვსი წლის იუბილე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს დღე არის კიდევ ერთხელ იმის დასტური, თუ როგორ ვისწრაფვით ჩვენ ევროინტეგრაციისკენ და რამდენად მივდივართ ჩვენ იმ მიზნამდე, რომელიც თითოეული ჩვენგანის საწადელია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, ორთვიანი კამპანიის მიზანი იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, ერთი მხრივ, წარედგინა ანგარიში, თუ რა მოუტანა საქართველოს ამ ექვსმა წელმა და მეორე მხრივ, საზოგადოებაში აემაღლებინა ევროკავშირის შესახებ ცნობიერება.

„რომ არა სტუდენტების და იმ ახალგაზრდების ჩართულობა, რომლებმაც ასე აქტიურად მიიღეს მონაწილეობა კამპანიაში, დღევანდელი დღე არ შედგებოდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმიტომ, რომ დღევანდელი დღის მთავარი აქტორები თქვენ ხართ. თქვენ გამოხატეთ ინტერესი უფრო მეტად გენახათ რას აკეთებს ჩვენი ქვეყნა ევროინტეგრაციის გზაზე და თავისთავად, მოგეცათ საშუალება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფორმით მიგეწოდებინათ“, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლის განმავლობაში, საქართველომ ევროკავშირისგან 400 მილიონ ევრომდე მხარდაჭერა მიიღო, რაც სხვადასხვა ფორმით იყო გამოხატული.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია განათლების სექტორის მხარდაჭერა, რომლითაც ათი ათასამდე სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა მიეღო ევროპული განათლება, რაც, თავისთავად ცხადია, ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების გარანტიაა“, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პანდემიის გამო კომიტეტის ბევრი აქტივობა შეფერხებით მიმდინარეობს, თუმცა, ამ საინფორმაციო კამპანიამ წარმოაჩინა მსგავსი ღონისძიებების ციფრულად ჩატარების შესაძლებლობა.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქტიურად ვიშრომებთ, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენს საზოგადოებას ავუხსნათ რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირს საქართველოსთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, თომას შრაპელმა. ვინსენტ რეიმის განცხადებით, კამპანიამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და რამდენად მასშტაბურია ის ექვსწლიანი ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აქვთ.

„ამ კამპანიამ გვაჩვენა, რომ თუნდაც პანდემიის პირობებში, შესაძლებელია მსგავსი ღონისძიების გამართვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემაჯამებელი ღონისძიება პარლამენტში იმართება, რომელიც დემოკრატიის აკვანია და მასში ძალიან ბევრი ახლაგაზრდა მონაწილეობს“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა.

თომას შრაპელის განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეთავაზებას კამპანიის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ სიამოვნებით დათანხმდა, რადგან ცხადი იყო, რომ კარგ ინიციატივას ეყრებოდა საფუძველი.

„ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გახდება და ჩვენი ფონდი მხარში დაგიდგებათ ამ სასურველი მიზნის მიღწევის პროცესში “, – აღნიშნა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა.

ღონისძიების მონაწილეებს, კამპანია – „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა, ლევან დოლიძემ მიაწოდა.

„ასოცირების შეთანხმება, რომელსაც სრულიად სამართლიანად მოიაზრებენ ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმად, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყნას და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული შედეგების თაობაზე, რომელიც ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ექვსი წლის თავზე გვაქვს“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ, ციფრული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით 2020 წლის მაისში დაიწყო. კონკურსების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიღწევებითა და გამოწვევებით დაინტერესება იყო. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცოდნა გაეღრმავებინათ ონლაინ ლექციებით ისეთ თემებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, კარგი მმართველობა, განათლება და მობილობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატი, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სტრატეგიული კომუნიკაცია. რაც შეეხება კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსს, მონაწილეებს შეეძლოთ აერჩიათ შემდეგი თემები: „COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე“ და „დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს“. კონკურსზე ასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო კამპანიას სოციალურ ქსელში ორი ათასზე მეტი მომხმარებელი შეუერთდა. სტუდენტური კონკურსების ფარგლებში შეირჩნენ სამი საუკეთესო ესსესა და ორი საუკეთესო კვლევითი პროექტის ავტორები, რომლებსაც კამპანიის დასკვნით ცერემონიაზე ჯილდოები გადაეცათ. გარდა ამისა, ათი საუკეთესო ესსე გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.aa.ge, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მართავს. კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში სტუდენტებისთვის კიდევ ერთი კონკურსი ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. კონკურსში 4 სტუდენტისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებიც დაესწრნენ ონლაინ ლექციებსა და ექსპერტთა დისკუსიებს, შემდეგ კი ესეები და სამოქმედო გეგმები წარადგინეს.
4 გამარჯვებულ გუნდსა და 10 საუკეთესო ესეს ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცათ, ასევე კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით. სტუდენტების კონკურსების გარდა, კამპანიის – „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და კონრად ადენაურის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ დებატები საქართველოს სკოლის მოსწავლეებს შორის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0