პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან შეხვედრა გაიმართა

15/07/2019

პარლამენტის წევრების ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, კობა ნარჩემაშვილისა და ბიძინა გეგიძის მოწვევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და მათი შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

„მეცხრე მოწვევის პარლამენტი მალე დაიწყებს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, ინსტიტუტებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას – ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესი. დღეს სისტემა ცდილობს დაიმორჩილოს სასამართლო ისევე, როგორც წინა ხელისუფლებას ჰქონდა დამორჩილებული და საზოგადოებისთვის ძალიან საზიანოდ იყენებდა ამ დამორჩილებულ სისტემას“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს ის პროცესი, რომელიც სასამართლო სისტემის ირგვლივ განვითარდა, სწორედ იდეებს შორის ფასეულობითი წინააღმდეგობის შედეგი იყო ისიც, რომ დეპუტატების ერთმა ნაწილმა დატოვა უმრავლესობის რიგები.

„ნაწილი ჩვენი კოლეგების უჭერდა მხარს სისტემას, სასამართლოში არსებული მოცემულობის დატოვებას. ჩვენ კი, ის ადამიანები რომლებისთვისაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვამბობდით, რომ ეს ადამიანები ვერ განახორციელებენ და ვერ იქნებიან თავისუფლების გარანტი იმიტომ, რომ ისინი არ შექმნილან თავისუფლებაში, ისინი შექმნეს ავტორიტარიზმში და ისინი არიან ავტორიტარიზმის პროდუქტი. ჩვენ ცხოვრებამ გვასწავლა, რომ ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ მთავარი – თავისუფლებისთვის ბრძოლა იმიტომ, რომ თავის დროზე მათ ამისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანში თავისუფლება შეეზღუდათ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა იუსტიციის არამოსამართლე წევრებთან მნიშვნელოვანია, რათა პირდაპირი ეთერის მეშვეობით საზოგადოების ინფორმირებულობა მოახდინონ. შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და მათი შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წინასწარ შეთანხმებით მოქმედი მაფიოზური ტიპის ჯგუფი არსებობს, რაც კარგად ვლინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში და რომელიც საბოლოო ჯამში აპირებს, რომ მიიტაცოს მთელი ძალაუფლება.
ნაზი ჯანეზაშვილმა ყურადღება კანდიდატთა შერჩევის პროცესზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ იგი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს, სახეზეა ასევე ინტერესთა კონფლიქტიც, რადგან 50 კაციან სიაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც იუსტიციის საბჭოს წევრების ნათესავები არიან.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იუსტიციის საბჭოს ათი წევრი, სავარაუდოდ, წინასწარ შეთანხმდა და ისე მიიღეს გადაწყვეტილება, ვისთვის დაეჭირათ მხარი. ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა, რასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი შეფასებები სახელმწიფო უწყებების მხრიდან“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, არ არის აუცილებლობა, რომ უზენაესი სასამართლოს 20-ვე მოსამართლე ამ მოწვევის პარლამენტმა აირჩიოს, რადგან 5-6 მოსამართლის არჩევითაც უზენაესი სასამართლო მეტ-ნაკლებად გამართულად იმუშავებს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, თუ საბჭო კარგ კანდიდატებს არ წარუდგენს პარლამენტს, მას ერთადერთი შანსი – მათი ჩაგდება რჩება.

„ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ უზენაეს სასამართლოში მოხვდნენ ადამიანები, ვის რეპუტაციასთან, კეთილსინდისიერებასთან, და პროფესიონალიზმთან ან კითხვები არ იქნება, იდეალურ შემთხვევაში, თუ იქნება კითხვები, ამომწურავი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება რაოდენობას, აქ მნიშვნელოვანია არა არითმეტიკა, არამედ ის, თუ ვის ვნიშნავთ – თუ იქნება ორი ღირსეული კანდიდატი, ორი მოსამართლე უნდა დაინიშნოს და დანარჩენზე უარი ითქვას, მერე ეს პროცესი ან თავიდან უნდა დაიწყოს, ან შემდეგი მოწვევის პარლამენტმა გააგრძელოს. მისი თქმით, მთავარია, როგორი იქნება შერჩევის კრიტერიუმები.

შეხვედრა, რომელსაც პარლამენტის წევრების გარდა, ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში რამდენიმე ადამიანი განამწესოს და ვაკანსიების უმრავლესობა მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტად დატოვოს.

„ლოგიკური იქნება, თუ ეს პარლამენტი რამდენიმე მოსამართლეს დანიშნავს, რაც სასამართლოს არსებულ პრობლემას მოაგვარებს. წელიწადნახევარში ჩვენ შევძლებთ უზენაესი სასამართლოს ისე დაკომპლექტებას, რომ გაჩნდეს ნდობა. დღეს ეს ვერ მოხდება, თუკი პარლამენტი ყველა ვაკანსიის შევსებას გადაწყვეტს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბიძინა გეგიძის შეფასებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი კვლავ ხარვეზებით და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს: „მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისევ იქ ვართ, სადაც წინა წლის დეკემბრის ბოლოს ვიყავით, როდესაც პარლამენტში ყველანაირი ნორმების დარღვევით შემოვიდა ის 10-კაციანი სია“, – განაცხადა მან.

შეხვედრაზე პოზიციები ასევე დააფიქსირეს სხვა დეპუტატებმა, იურისტებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0