პარლამენტში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10/12/2022

საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის“ – სამომავლო ხედვა და პერსპექტივები განიხილეს.

„როცა ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ახალ დოკუმენტს, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ დაამტკიცა. შეიქმნება ჩარჩო, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და განახორციელოს ვალდებულებები, რაც მას ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ეკისრება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

„ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის, ეს არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო თემა წლევანდელი წლისთვის. ადამიანის უფლებები ყველასთვის არის ის ამოსავალი წერტილი, რაზეც დაშენებულია ადამიანის უფლებების დეკლარაცია. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ასე მრავალფეროვან ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვაქვს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ იმ ღირებულებებზე, რამაც უნდა განსაზღვროს ადამიანის უფლებების სტრატეგია საქართველოსთვის მომავალი ათწლეულის განმავლობაში“, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.

მისი თქმით, ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მისწრაფებებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს შეუწყობს ხელს გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ რეგულაციებს და ნორმებს შეიცავს და რომლითაც ცალკეული საკითხები წყდება. მისივე თქმით, ეს არის ქვეყანაში პრიორიტეტების და საჭიროებების ხაზგასმა, იმ მიმართულებების გამოკვეთა, რა მიმართულებითაც შემდგომში უნდა განვითარდეს პროცესები ადამიანის უფლებების მიმართულებით, რომელიც ყოვლისმომცველია.

„ყოველმხრივობას და უნივერსალურობას აქვს განსაკუთრებული როლი და დატვირთვა, სხვაგვარად წარმოუდგენელია ვიფიქროთ ისეთი კატეგორიებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც დღესაც და ყოველთვის განსაკუთრებულად აქტუალურია და ჩვენი ინტერესის საგანია. როდესაც პარლამენტი მიიღებს დოკუმენტს, გვინდა იქ აუცილებლად ხაზგასმული იყოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენების საჭიროება. ეს იქნება განსაკუთრებული ინტერესის საგანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა სამოქმედო გეგმებზე და კონკრეტული მექანიზმების აღსრულებაზე დაიწყებს მუშაობას.

„სტრატეგიის დოკუმენტს დასახული აქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომელიც 2030 წლის ჩათვლით მოქმედებს. ჩვენ, პარლამენტს, გსურს ამ დოკუმენტზე მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. წელს უნივერსალური დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება და გვინდა რომ მომდევნო წელს, 75-ე წლისთავზე, ამ დოკუმენტით შევხვდეთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ნიკო თათულაშვილის თქმით, სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობისას, მოხდა განსხვავებული აზრების აკუმულირება, მისი მაქსიმალურად გათვალისწინება და ერთ დოკუმენტში ასახვა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობისას, ჩვენ გვიწევდა ძალიან განსხვავებული აზრის აკუმულირება, მაქსიმალურად გათვალისწინება და ერთ დოკუმენტში მოქცევა. ჩვენ შევძელით ამ დოკუმენტში აგვესახა ყველა ის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. პარალელურად, ჩვენ ვიწყებთ მუშაობას სამოქმედო გეგმაზე და ვეცდებით ეს პროცესი წარვმართოთ სრული ჩართულობით და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველას ინტერესები და შემოთავაზებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, თამარ გვარაძის თქმით, სტრატეგია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სახელმწიფოს ხედვა, თუ რა იქნება ის ძირითადი მიზნები და ამოცანები, რასაც ამ გზაზე სახელმწიფო გაატარებს და როგორ ხედავს ის სამომავლოდ ადამიანის უფლებების დაცვას.

„ეს არის შესაძლებლობა, მოვუწოდოთ ყველას, ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა თითოეულ დღეს მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას და დევიზი, რაც ამ დღეს ახლავს თან – „ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის“ – იყოს მიღწეული ყველასთვის ერთად“, – აღნიშნა თამარ გვარაძემ.

ღონისძიებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. როგორც აღინიშნა, დოკუმენტის შემუშავების პროცესი იყო ინკლუზიური, რომელიც შემუშავდა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით. შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, დამოუკიდებელი ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტრატეგია მიმართულია როგორც ადამიანის უფლებათა მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის, ისე მისი ცხოვრებაში გატარების და ამისთვის შესაფერისი პირობების შექმნისკენ. სტრატეგია ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვაზე, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. დოკუმენტის მიმოხილვის შემდგომ, დისკუსია გაიმართა, სადაც საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი რეკომენდაციები და მოსაზრებები წარადგინეს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტი უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს დადგენილებას, სადაც გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები მაქსიმალურად აისახება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0