პარლამენტში აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

11/03/2022

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ინიციატივით, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავდა აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. ​მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ აღებული კარგი სტარტის მიუხედავად, თემის აქტუალობიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა სისტემის განახლება და მისი ახალ ეტაპზე გადაყვანა.

„აგროდაზღვევა მნიშვნელოვანი წამოწყება იყო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. კონკრეტული შედეგებიც იყო მიღწეული. თუმცა მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად აზღვევს სასურსათო უსაფრთხოებას და ჩვენი ფერმერების შემოსავლებს არსებული სისტემა. ყველა თანხმდება, რომ აგროდაზღვევის გაცილებით სხვა მასშტაბზე გადაყვანა გვინდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით ასევე სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკაც გამოვიყენოთ და აგროდაზღვევა ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსულტაციების შედეგად, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგროდაზღვევის საკითხის ახლებურად განსაზღვრა გადაწყდა. ჯგუფი იმუშავებს სახელმწიფო კონცეფციის მიღებაზე, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, რომელზე დაყრდნობით, აღმასრულებელი ხელისუფლება კონკრეტულ პროგრამებს დააფუძნებს, ფერმერები კი კონკრეტულ შედეგებს მიიღებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილის შეფასებით, სადაზღვევო სისტემის განვითარებაში პარლამენტის როლი მნიშვნელოვანია და საკითხზე კომპლექსურად მუშაობა ძალიან კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის, USAID-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო კომპანიების, სამოქალაქო საზოგადოების, ქალ ფერმერთა ასოციაციის და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0