პარლამენტმა 2022-2030 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე იმსჯელა

21/03/2023

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 2022-2030 წლებისთვის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე იმსჯელეს. დოკუმენტი პარლამენტს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა წარუდგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ეს დოკუმენტი არის ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია და მოიცავს 2022-2030 წლებს. ის გამომდინარეობს პირველი ეროვნული სტრატეგიიდან (2014-2020 წწ.), წარმოადგენს მის ლოგიკურ გაგრძელებას და მისი მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომი განმტკიცება.

ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია მოიცავს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას:
ა) მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა;
ბ) ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება;
გ) თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში, მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე;
დ) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

მომხსენებლის განცხადებით, ამჟამად დაწყებულია მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებს დაევალებათ ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა მიღწეული პროგრესის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციისთვის, შედეგად მომზადდება შესრულების ერთიანი შემაჯამებელი ანგარიში, რომელსაც მთავრობა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს გავლით პარლამენტს წარუდგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0