რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა განიხილა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“, რაც კანონმდებლობის თანახმად, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ განაპირობა. დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ნდობის ჯგუფის შემადგენლობა, რომელშიც პარლამენტის 3 წევრია: ირაკლი ბერაია, ანრი ოხანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე. სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.
„გასული წლებისგან განსხვავებით, დღეს ნაკლებად გვაქვს შესაძლებლობა, გაგაცნოთ დადებითი მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები. ყველას კარგად გვესმის, რომ პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მთელი მსოფლიო და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზეც აისახა. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენიდან საკმაო დრო გავიდა. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის ამა თუ იმ უწყების დაფინანსების მოცულობა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მან ბიუჯეტის პროექტი 3 ძირითადი მიმართულებით წარმოადგინა: პირველ რიგში ისაუბრა, თუ როგორი ეკონომიკური მაჩვენებლებით შეხვდა ქვეყანა პანდემიას და რა გავლენა მოახდინა ეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე; შემდეგ 2021 წლის ბიუჯეტის ძირითად მაჩვენებლებს შეეხო, ბოლოს კი ყურადღება გაამახვილა მომდევნო წლების გამოწვევებზე.
„პანდემიის გავლენამ ქვეყნის ფისკალურ მაჩვენებლებზე 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2020-2021 წლებში, ეკონომიკური შემცირების ხარჯზე, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დანაკარგი შეადგენს 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს. ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები – 600,0 მილიონ ლარზე მეტია, ჯანდაცვისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსება შეადგენს 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს. ამ ყველაფერმა, ჯამურად, 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაგვეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელიც 2021 წელს სცდება 60-პროცენტიან ზღვარს. ახლა, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რა პირობებში გვიწევდა 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, პანდემიამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. დანაკლისი, ნაწილობრივ დააბალანსა საქართველოს მოქალაქეების ტურისტული ვიზიტებისა და იმპორტის შემცირებამ, მაგრამ სავაჭრო ბალანსი მაინც გაუარესდა, დაახლოებით, 700 მლნ დოლარით და 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც მომდევნო წელს არის მოსალოდნელი.
„სავაჭრო ბალანსის გაუარესებამ, გავლენა იქონია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც, რომლის მაჩვენებელი მიმდინარე წელს 9,7%-ის, ხოლო 2021 წელს 8,5%-ის დონეზეა პროგნოზირებული. პანდემიამ და მისგან გამომდინარე გაურკვევლობამ, მთელ მსოფლიოში გამოიწვია ინვესტიციების შემცირება, რაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზეც აისახა. მიმდინარე წელს, მოსალოდნელია მისი 30%-იანი შემცირება, რაც დაახლოებით, 400 მილიონი დოლარის დანაკლისია. სავაჭრო ბალანსისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი 1,3 მილიარდი დოლარის, ხოლო მომდევნო წელს, დაახლოებით, 800 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმით მოქალაქეთა დახმარებისთვის 2020-2021 წლებში ჯამში გამოყოფილია მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი. მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა დახმარებები, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი, განხორციელდება 2021 წლის პირველ ნახევარში და მიიმართება 150,0 მილიონი ლარი, 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე ოჯახების დახმარებისთვის 6 თვის განმავლობაში გამოყოფილია 55 მილიონი ლარი, 100 ათას სოციალურ ქულამდე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის 6 თვის მანძილზე, გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებისთვის 6 თვის განმავლობაში – 27 მილიონი ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, 2020-2021 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ჯამური მოცულობა ორი მილიარდ 800 მილიონი ლარია, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში ასახულია 955,0 მლნ ლარი, მათ შორისაა, დღგ-ს ზედმეტობის ავტომატური დაბრუნება, რის შედეგადაც 2021 წელს 600 მილიონი ლარით მეტი დღგ დაუბრუნდება კომპანიებს. მინისტრის ინფორმაციით, პარლამენტში უკვე ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადის შეღავათი წესდება მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე. ამ მიზნით, მომდევნო წელს გათვალისწინებულია საგადასახადო დანაკლისი 225 მილიონი ლარის ოდენობით.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეღავათით განვლილ პერიოდში ისარგებლა 35 ათასზე მეტმა კომპანიამ 430 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე. ვფიქრობ, რიცხვები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეღავათი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ბიუჯეტში ასახულია საგადასახადო დანაკლისი 45 მლნ ლარის ოდენობით, რაც უკავშირდება ტურიზმის სექტორის 2021 წელს გადასახდელი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას. როგორც მან აღნიშნა, საკრედიტო საგარანტიო ფონდის დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი, სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, მიმდინარე წლის ბოლომდე არსებული პროგრამის გარდამავალი ხარჯები 35 მილიონი ლარია. მისი თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით ჯამში, გამოიყო 870 მილიონი ლარი, საიდანაც 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 450 მილიონი ლარი. როგორც მან განმარტა, აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც მოქალაქეთა მკურნალობის, ასევე, კარანტინისა და კოვიდ სასტუმროების, ტესტების, ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ საჭირო აღჭურვილობისა და ვაქცინის შესყიდვის ხარჯებს.
მინისტრმა ვალისა და დეფიციტის შემცირების სხვადასხვა სცენარი გააცნო დეპუტატებს. მისი განცხადებით, საშუალოვადიან ბიუჯეტში წარდგენილი სცენარით, 2023 წელს დეფიციტი უბრუნდება მთლიანი შიდა პროდუქტის 3-პროცენტიან ნიშნულს და შემდგომ, ჩამოდის 2,5 პროცენტის დონეზე, თუმცა დეფიციტის შემცირება ნაწილობრივ კაპიტალური პროექტების ხარჯზე ხდება.
მისი თქმით, კაპიტალური ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 6,5 პროცენტის დონეზე ჩამოდის, ხოლო ვალის მაჩვენებელი, დაახლოებით 57 პროცენტია, რაც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელია და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს. ალტერნატიული სცენარით, იმისათვის, რომ ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტამდე შემცირდეს, აუცილებელია დეფიციტის მაჩვენებელი შემცირდეს 1-1,5 პროცენტამდე, რაც მინისტრის თქმით, კაპიტალური პროექტების ხარჯზე შეუძლებელია. მისი განმარტებით, მიმდინარე ხარჯების მოცულობითი შემცირება შეუძლებელია და ფისკალური კონსოლიდაციის და მის შედეგად ვალის შემცირების ერთადერთი გზა დამატებითი რესურსების მობილიზებაა.
„მიმდინარე ხარჯებით ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯით მსოფლიოში, თითქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა ვართ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, შევაფასოთ ყველა მსხვილი საბიუჯეტო პროგრამის ეფექტურობა, რომლის შედეგების გათვალისწინებით გადაიხედება ესა თუ ის პროგრამა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ხარჯების მოცულობითი შემცირება შეუძლებელია და ეს ვერ იქნება კონსოლიდაციის წყარო“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, მთავრობამ ყოველი თეთრი ეფექტურად უნდა დახარჯოს. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ფისკალური რისკების სწორად მართვა დაგვიცავს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან. მისივე თქმით, მომავალში არ უნდა მოხდეს რისკების მქონე ახალი ვალდებულებების აღება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, ხოლო არსებულ რისკებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი. ივანე მაჭავარიანის გამოსვლის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს და მინისტრს კითხვები დაუსვეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ფინანსთა მინისტრს მიმართა, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ტარიფების სუბსიდირების საკითხი 2021 წლის ბიუჯეტში დღესვე აისახოს. როგორც მან განაცხადა, ტარიფის ზრდის ფაქტი სიურპრიზი არ იყო, პრემიერთან წინასწარი კონსულტაცია გაიმართა და შესაბამისი პროექტიც არსებობს. მაჭავარიანმა მდინარაძის შეთავაზება გაიზიარა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, შემაშფოთებელია ის, რომ მომავალ წელს გვექნება მთავრობის ვალის და დეფიციტის მაღალი ზრდა.
„მათი შემცირების მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში არ გამოვრიცხავ რომ 2021 წელს თუ არა 2022 წელს ქვეყნის რეიტინგი შეგვიმცირონ და კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დავდგეთ,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, არსებულ რთულ ვითარებაში უნდა ვიმოქმედოთ უფრო გლობალურად და ინსტიტუციონალურად.
„ჩემის აზრით, ახლავე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად ცალკეული დარგების, სექტორების, მიმართულებების არსებული საგადასახადო შეღავათების მიზნობრივი სუბსიდიებით ჩანაცვლებაზე, ეს სამართლიანი იქნება კონკურენტული გარემოსთვის, ჩრდილოვან ეკონომიკასაც შეამცირებს და ქვეყანასაც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეფექტი ექნება, უნდა ვიფიქროთ ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ა.შ. თუმცა ხანგრძლივი ფიქრის ფუფუნებაც არ გვაქვს,“ – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე წარმოდგენილი დასკვნების გამო გააკრიტიკა – „ორივე ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობს და ჰყავს მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები. სწორედ ამიტომ მინდა ვთხოვო: მათი დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, საჭიროა ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო მათი პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ ორიენტირებულნი იყვნენ იმ რისკების იდენტიფიკაციაზე რაც ჩანს და ასევე სამომავლო აქცენტის გაკეთებაზე,“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ბიუჯეტის პროექტის შესახებ ეროვნული ბანკის დასკვნა ვიცე-პრეზიდეტმა პაპუნა ლეჟავამ წარმოადგინა. მისი თქმით, წინა პროექტთან შედარებით ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა პანდემიის დამაზიანებელი გავლენის შესარბილებლად გარდაუვალი იყო.
„თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებში გადაიზრდება, ეროვნული ბანკის მხრიდან მიზანშეწონილი იქნება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება ან პოლიტიკის იდევ უფრო გამკაცრება“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
გენერალური აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა ბიუჯეტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნები და რეკომენდაციები წარუდგინა სხდომას. მისი განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული და შესაძლებელია საფუძვლიანად და კანონიერად შეფასდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის გათვალისწინებით. დეპუტატებმა განიხილეს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კანონპროექტით ხდება ვადის გადაწევა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე გავრცელდება ასევე 2022 საბიუჯეტო წლისათვის, ნაცვლად 2021 წლისა. დღესვე განიხილეს და მიიღეს სარატიფიკაციო დოკუმენტები: „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ რატიფიცირების შესახებ“ (#07-2/535, 30.10.2020); საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ“ (#07-2/539, 09.11.2020); „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – A)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – B)“ ფინანსურ ხელშეკრულებაში №3 ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილ-შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. სხდომაზე განიხილეს და მიიღეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ჯანმრთელობის დაცვისა და და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, კანონპროექტით ხდება 2021 წლის 1 იანვრამდე გასატარებელი შესაბამისი დროებითი ღონისძიებების ვადის გადაწევა 2021 წლის 1 ივლისამდე, ამასთან ხდება კონკრეტული მუხლის მოქმედების ვადის დაზუსტება. დეპუტატებმა განიხილეს და მიიღეს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ვადების კორექტირება. კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე (ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრისა) უნდა უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება, ასევე შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა.