პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის ანგარიში მოისმინა

03/11/2022

პარლამენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიში განიხილა და შესაბამისი დადგენილების პროექტს მხარი 82 ხმით დაუჭირა. მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის თქმით, დაცული შრომის უფლებები, ღირსეული, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო პირობები, არის ის ფუნდამენტი, რაზეც შრომის ინსპექციის სამსახური დგას. მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 58 830 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც 4538 დარღვევა გამოვლინდა.

„2018 წელთან შედარებით, იმ პერიოდიდან, რაც ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების კანონი და დაიწყო დაბალანსებული სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოების ნორმების თვალსაზრისით, ფატალური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე 31%-ით შემცირდა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება შრომის უფლებებს, მომხსენებლის ინფორმაციით, შემოწმდა 350-მდე კომპანია, ინსპექტირება შეეხო 15 000-მდე დასაქმებულ პირს და გამოვლინდა 7666 დარღვევა.

„დარღვევები უკავშირდება შრომის უფლებების ისეთ ფაქტებს, როგორიცაა ხელშეკრულების ვადისა და პირობების მოთხოვნებთან დაკავშირებული დარღვევა. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი- ფაქტობრივად 29%“, – განაცხადა შრომის ინსპექტორმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია კანონის აღსრულების მხრივ ისეთ მნიშვნელოვანი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ეხებოდა ბრალის გარეშე კოლექტიური პასუხისმგებლობის აკრძალვას დასაქმებულებთან მიმართებით. ​მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული იყო სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული ფაქტების გამოვლენა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ განვახორციელეთ და დღემდე გრძელდება, არის კოვიდ კლინიკების შემოწმება. დადასტურდა, რომ სამედიცინო პერსონალის ხელფასების ანაზღაურება არ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფით“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მომხსენებელმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამით შესაძლებელი ხდება მაღალკვალიფიციური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიებს შექმნიან.

„შრომის ინსპექციის მიზანია სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის აღსრულების სისტემის გაუმჯობესება. ინდიკატორი იქნება სამუშაო ადგილზე დაშავების და გარდაცვალების სიხშირის მაჩვენებელი 100 000 დასაქმებულზე და ამ პროცესში ამოცანა იქნება შრომით ურთიერთობაში თანასწორობის უფლებაზე ძლიერი საზედამხედველო მექანიზმის ჩამოყალიბება“, – განაცხადა შრომის ინსპექტორმა.

​„7 წელი გავიდა ამ სამსახურის დაარსებიდან და ჩვენი მთავრობა, სახელმწიფო, პარლამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზაცია გაიზარდოს. 2015 წლის შემდეგ, ყოველწლიურად შრომის ინსპექციის ფუნქცია და მათი კონტროლი იზრდება ეკონომიკის ყველა სფეროზე და აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან შრომის ინსპექციის მანდატი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ეკონომიკური საქმიანობის უკვე ყველა დარგზე ვრცელდება, ხოლო, 2021 წლიდან მისი მანდატი ვრცელდება შრომის კოდექსის გათვალისწინებულ ყველა სფეროზე. ჯერ კიდევ არის გამოწვევები და ვიმედოვნებ, რომ ისინი დაძლეული იქნება“, – განაცხადა საკითხზე თანამომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0