პარლამენტმა პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და ასევე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი მის თანმდევ კანონპროექტებს. კანონპროექტის მიღებით მოხდება შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის არსებული სამართლებრივი ნორმების დახვეწა და განვითარება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით. ზოგადად ცვლილებების მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზოს ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები და, შესაბამისად, წაახალისოს შრომითი მიგრაციის ლეგალიზება და, მეორე მხრივ, წაახალისოს ადგილობრივ შრომით ბაზარზე ადგილობრივი მუშახელის შესაბამისი კვალიფიკაციის გაძლიერება და მათი დასაქმება ადგილობრივ ბაზარზე. მიგრაციის კანონის გაძლიერებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით შემოდის საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება, რომელიც იქნება სრულიად უფასო; სერტიფიცირების შემდეგ ინფორმაცია იქნება საჯარო, რათა მოქალაქეებისათვის ცნობილი იყოს ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტებს; მოხდება კომპანიების კანონიერი საქმიანობის წახალისება და განვითარების მხარდაჭერა; ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესება. მიგრაციის მართვის გაუმჯობესებული მექანიზმი საქართველოს მიმართ ევროპელი პარტნიორების მოთხოვნაა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მოქალაქეებს მიეცემა საშუალება უცხო ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობებზე სანდო სააგენტოებიდან მიიღონ ინფორმაცია.
პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
05/04/2023