პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა

22/04/2020

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის N2 ბრძანება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, 97 მომხრით 10-ის წინააღმდეგ იქნა დამტკიცებული. პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ასევე მიმოიხილა აღნიშნული რეჟიმის ერთთვიანი პერიოდი და ხელისუფლების და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგები აღნიშნა.

„ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია, რომ სხვებთან შედარებით ვინარჩუნებთ დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. ამის კიდევ ერთი მაგალითია გუშინდელი ჩემი საუბარი გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან. მან უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ. თუმცა, ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს. პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვეცი ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას ვაძლევთ საშუალებას, წარმატებულად გავიაროთ რთული გზა ბრძოლის დასრულებამდე. აქამდე ჩვენ გადავდგით სამაგალითო ნაბიჯები, შევძელით და საგანგებო მდგომარეობა არ გასცდა თავის მიზანს, შეზღუდვები არ შეეხო მაგალითად სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, სხვა ქვეყნებს შევხედოთ, მინიმალურად შეეხო ადამიანის უფლებებს, კერძოდ გადაადგილებისა და შეკრების უფლებას, ასევე ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე და საარჩევნო კალენდარზე და ჩვენ დემოკრატიულ სვლაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია პატარა ქვეყანამ მისცეს არამხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლის და ამავე დროს სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი. ეს იქნება ჩვენი ყველას ნამდვილი გამარჯვება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შეზღუდვები სიტუაციის პროპორციულად დაწესდა და მათ უპირველეს მიზანს ვირუსის გავრცელების შენელება და მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს.

„საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად, პრეზიდენტს მივმართეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოვწურეთ ვირუსის გავრცელების პრევენციის სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები. ამიტომ, კითხვის ნიშნები, რამდენად თანმიმდევრული იყო ნაბიჯები ამ მიმართულებით, წესით, არ უნდა არსებობდეს. ჩვენ მას შემდეგ მივიღეთ დამატებითი ზომები, რაც შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციებით სიტუაციის კონტროლის ყველანაირი შესაძლებლობა და რესურსი პრაქტიკულად ამოვწურეთ“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, ასევე ვირუსთან წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს, პოლიციელებს და იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს.

პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნაზე კომიტეტებისა და ფრაქციების სახელით პარლამენტის წევრები წარდგნენ.

დიმიტრი ხუნდაძე – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

„სანამ ვირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა საქართველოში და მანამდე, ვიდრე ეპიდემია პანდემიად გამოცხადდებოდა, პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო და ის გამორჩეულად ეფექტურად მუშაობს, რაც არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ ამის თაობაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ბევრი ექსპერტის განცხადებები. ძალიან ბევრი დარგის სპეციალისტი, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ვგულისხმობ, ხშირად უკავშირდებიან ჩვენ ექსპერტებს, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და იღებენ კონსულტაციებს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს ნამდვილად ასეა, რამეთუ ქართული სტრატეგია, რაც არ უნდა კრიტიკის საგანი იყოს ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ეჩქარება კრიტიკა, ვიდრე სასურველი შედეგი, ის არის გამორჩეულად შედეგიანია“.

სოფო კილაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ პანდემია საქართველოში გაცილებით ნელა გავრცელდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შედეგად გვაქვს ის, რომ ჩვენმა მედიკოსებმა გაცილებით კარგად მიხედეს თითოეულ ადამიანს და გვაქვს გაცილებით ნაკლები ფატალური შემთხვევები, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია. აუცილებელია, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი სოციალური პაკეტი იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული ყველაზე გაჭირვებულ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, იმ ბიზნესზეც, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ამ საგანგებო მდგომარეობის დროს.”

ზაზა გაბუნია – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.

„საგანგებო მდგომარეობა ეს არის რეჟიმი, სადაც თავმოყრილია მთელი კომპლექსი ერთმანეთთან დაკავშირებული თემებისა – სოციალური, ჯანდაცვითი, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და დღეს, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო, მისი ხელისუფლება და მოქალაქეები აჩენენ კარგ მაგალითს ერთიან, ძლიერ საზოგადოებად ყოფნისა.
კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების მიზნით, ქვეყნის ხელისუფლება ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაქსიმალური შედეგისთვის მუშაობს. ეს შედეგები კი სახეზეა, როგორც ჯანდაცვის სტრატეგიის, ისე ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკის, მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ“.

გენადი მარგველაშვილი – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.

„მოქალაქეთა მცირე ჯგუფი გამოდის ინიციატივით მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, დისტანციური სწავლების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა-განვითარებამ განაპირობა ის, რომ სწავლის პროცესი გრძელდება, რაც ეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. აღნიშნული კი აზრს უკარგავს მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადების იდეას. აკადემიური წლის გამოცხადებას ჩვენი კომიტეტი ეწინააღმდეგება“.

დისტანციური სწავლების მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ – „ტელესკოლის“ შესახებ კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს. ახლა, ამ მომენტში ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობს ამ პროცესში, იღებს ყოველდღიურად განათლებას. პროექტი მიმდინარეობს უწყვეტად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა მასწავლებელს მადლობა გადავუხადო. ასევე, კარგი და წარმატებული ინიციატივა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც ბევრ მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, იყოს პროცესში ჩართული და განათლების პროცესი არ შეწყდეს. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ინიციატივა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, სადაც ასევე განათლების მიწოდების პროცესი ამ პროექტის შედეგად შენარჩუნდა და ხელმისაწვდომი დარჩა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარეების გამოსვლების შემდეგ, რეგლამენტის შესაბამისად, საპარლამენტო ტრიბუნა ფრაქციების წარმომადგენლებს დაეთმო.

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ევროპული საქართველო-რეგიონები“.

„მე ველოდებოდი, რომ დიმიტრი ხუნდაძე გამოსვლისას იტყოდა იმას, თუ რა მდგომარეობა დახვდა, როცა მან საქართველოს საავადმყოფოები ჩამოიარა. ასეთი დაბალი რიცხვების პირობებში, როცა 400 ინფიცირებულია, 7 საავადმყოფო მოხვდა კარანტინში და 16 მედპერსონალია ინფიცირებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ექიმების დაცვა, აღჭურვა და ეკიპირება ქვეყანაში სათანადო არ არის, აქ საუბარი არ მაქვს იმ 7 სამედიცინო დაწესებულებაზე, რომელიც COVID19 -ისთვის არის გამოყოფილი. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი ასეთი სიმპტომებით შეიძლება ნებისმიერ ადგილას მივიდეს და რა ზომებია მიღებული, ამას მაინც უნდა ამბობდეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე“.

ირმა ინაშვილი – „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“.

„მე მინდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს 3000-ლარიანი ჯარიმები რაღაცნაირად წავიყვანოთ გაუქმებისკენ და ჩამოეწეროს ყველას, იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელმაც თივა გაყიდა და საერთოდ არ იცოდა რა ჯარიმა იყო დაწესებული, რა საგანგებო მდგომარეობა იყო და გვიან მიიღო ეს ინფორმაცია, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ყიდოს ეს თივა, რომ ეს 3000 ლარი გადაიხადოს. არ არის სწორი სრული ბლოკირების პოლიტიკა. ჩვენი მოწოდებაა, გავაუქმოთ საგანგებო მდგომაროება, გავაუქმოთ ე.წ. კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი და კარანტინის პირობებში განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ“.

მარიამ ჯაში – „დამოუკიდებელი დეპუტატები“.

„ჩვენი ფრაქციის პრინციპული პოზიციაა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სრული შემადგენლობით უნდა წარმოედგინა არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნა, არამდე დეტალური გეგმა კრიზისული და პოსტკრიზისული მდგომარეობის სამართავად. ამის მიუხედავად, პირადად მე ვალდებული ვარ მხარი დავუჭირო ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელ გადაწყვეტილებას. რამდენადაც სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად. იძულებული ვარ მხარი დავუჭირო საგანგებო მდგომარეობას. ჩვენი ფრაქციის ფორმატში გაიყო პოზიციები. ფრაქციის სამი წევრი, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და მე მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ხოლო ლევან კობერიძე და გედი ფოფხაძე თავს იკავებენ და უარს აცხადებენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნაზე“.

რატი იონათამიშვილი -„ქართული ოცნება“.

„ჩვენი ოპონენტები ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები COVID- 19-ის წინააღმდეგ წარმოაჩინონ ნეგატიურად, მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, და ეს დინამიკა არ წყდება, აღნიშნავენ ქართული ხელისუფლების წარმატებულ ბრძოლას COVID- 19-ის წინააღმდეგ. თუმცა არსებული ციფრები ყველაზე კარგად მეტყველებს იმ ეფექტურ გზებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელიც ძალიან სწრაფად და დიდი პასუხისმგებლობით მიიღო და იღებს „ქართული ოცნების“ გუნდი ამ პერიოდის განმავლობაში“.

გიორგი ბოკერია – „ევროპული საქართველო“.

„რას უნდა დავუჭიროთ მხარი, რა წარმოგვიდგინა დღეს პრეზიდენტმა და მთავრობის ადმინიტრაციის წარმომადგენელმა, რის მხარდაჭერაზეა საუბარი – იმის, რასაც ორი დღის მერე გეტყვიან თქვენც? თუ საიდუმლოდ იცით, რას აპირებენ და ჩვენ არ გვეუბნებით?”

გიორგი გაჩეჩილაძე – „ქართული ოცნება-მწვანეები“.

„რა გინდათ, რომ ეს ხალხი ქუჩაში გამოვიდეს? ეს ყველა მცდელობა, რომ როგორმე უნდობლობა და პანიკა დათესოთ, ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება წამგებიანი. და თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთი დადებითი თვისება აქვს, ამ კორონავირუსს, რომ მან პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია მოახდინა ქვეყანაში და თქვენ ნახავთ შემოდგომაზე, თუ რამდენიმე პროცენტი კიდევ გქონდათ შანსი, რომ რაღაცა ორი კაცი შეგეყვანათ, საზოგადოების რა მხარდაჭერა გექნებათ არჩევნებში იმასაც ვნახავთ ამ თქვენი გამოსვლების შემდეგ“.

გიგი წერეთელი – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

„რატომ არის გაუგებარი ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ ათიათასობით, ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს ეს მძიმე საგანგებო მდგომარეობა უქმნის პრობლემებს? ეს ხომ ჩვენ კარგად ვიცით. ამაში რა არის გასაკვირი, როცა ერთის მხრივ ადამიანს ესმის, რომელიც ჩაკეტილია, არ აქვს ფული, ვერ მიდის ახლობლებთან, ვერ მიდის მშობლებთან, ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, სერვისები არ არის. ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ მოლოდინი იმის, რომ დახმარება სჭირდებათ, საკვები სჭირდებათ და ა.შ. ჩვენი მოვალეობაა, რომ ამაზე ჩვენ აქ ვსაუბრობდეთ. ეს რაღაცნაირად შერაცხულია იმით, რომ „ამის უფლება არ გვაქვს, რა დროს კრიტიკაა“. ეს კრიტიკა არ არის, ეს არის სურვილი, შეთავაზება, რომელიც უნდა მიიღოთ თქვენ, როგორც უმრავლესობამ და ხელისუფლებამ. ეს ბუნებრივი პროცესია“.

ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველო“.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მტავრობის დროული და ეფექტური ზომები, განსაკუთრებით კრიზისის განვითარების პირველ ეტაპზე და როგორ შეიძლება არ თქვა კარგი რაც კარგია? თუმცა ამასთანავე მინდა ავღნიშნო, რომ კრიზისი გრძელდება და ჩვენ შუა კრიზისში ვართ“.

გიორგი კანდელაკი – „ევროპული საქართველო“.

„იმ რეგულაციების თანახმად, რომელიც ძალაშია, სრულიად შესაძლებელია თქვენ ონლაინ იყიდოთ მაგალითად, რამდენიც გნებავთ იმდენი არაყი ან ლუდი, მაგრამ აკრძალულია იყიდოთ ბავშვისთვის სათამაშო. მაგალითად, უცბათ რომ დაგჭირდეთ, ვერ იყიდით ბავშვისთვის ტანსაცმელს, მაგრამ იყიდით რამდენსაც გინდათ იმდენ არაყს. რატომ? ამის შესახებ კითხვა რომ დავსვათ, ეს პოპულიზმია?“

ირმა ნადირაშვილი – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

„შეზღუდვების გამოცხადებიდან დღემდე „ევროპულმა საქართველომ“ დახმარება გაუწია 600-მდე ოჯახს და ამას ვაკეთებდით აფიშირების, კამერების გარეშე და რომ არა ქალბატონი სოფიოს ძალიან როყიოდ წამოსროლილი ბრალდება და მოწოდება ამ ტრიბუნიდან ხელფასების თაობაზე, ახლაც არ ვაპირებდით ამის თქმას. გთხოვთ, ნუ აყვედრით თქვენს ხელფასებს ამ ადამიანებს“.

პარლამენტის წევრების გამოსვლების შემდეგ, დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარდგნენ, რომლებმაც სხდომაზე დასმულ კითხვებთან და შეფასებებთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს.

საკითხის განხილვა კენჭისყრით დასრულდა. პრეზიდენტის ბრძანების დამტკიცების შემდეგ, საგანგებო სესიის პლენარული სხდომა დღის წესრიგის საკითხების განხილვით გაგრძელდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საფინანსო ხელშეკრულებები გააცნო. მომხსენებელმა თითოეული ხელშეკრულების საფუძველზე გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაზე პარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა და იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაზე დამატებითი ფინანსური რესურსები მიიმართება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, რომლებიც კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევას შეეხებოდა. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, კარანტინის და იზოლაციის წესის დარღვევისთვის შემდეგი ადმინისტრაციული სახდელი დგინდება – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 10 ათასი ლარი. ადმინისტრაციული სახდელის აღნიშნული ოდენობა გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოქმედებს საგანგებო ან საომარი რეჟიმი. მისივე განმარტებით, კოდექსში შემოდის ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევისთვის, სასჯელის ზომა კი პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად განისაზღვრება. კომიტეტის თავმჯდომარემ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების პროექტი იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევას შეეხება და იგი გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც განმეორებით დაარღვევენ აღნიშნული რეჟიმის წესებს. სხდომაზე პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში: ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა. სხდომის დასასრულს დეპუტატები „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ და „ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტებს მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0