პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილა. საკითხი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2021-2027) განსაზღვრულ პრიორიტეტებთან, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, აგრეთვე კონცეფცია ეხმიანება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას. მისი თქმით, კონცეფციას ხელს აწერენ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წევრები. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია არის პირველი ამგვარი სახის დოკუმენტი, სადაც გაერთიანებულია გრძელვადიანი ხედვითა და მულტიდარგობრივი მიმართულებებით, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია:
1. ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა;
2. გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება;
3. საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
4. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
5. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება;
6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება;
7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.