პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 74 ხმით უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დეპუტატებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა გააცნო. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უმრავლესობა, საბაბის და არა მიზეზის მოხმობით, ცდილობს თავი არიდოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეზოლუციების მხარდაჭერას. მისივე თქმით, ამგვარი იყო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ამგვარი იყო ამ მოწვევის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის თაობაზე მიღებული რეზოლუცია, რომელშიც მოხსენიებული იყო რუსეთი, როგორც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც მათთვის დაუჭერია მხარი. გიორგი ხელაშვილმა განხილვის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მიმართა ოპოზიციას და დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, თითქმის ერთხმად წინააღმდეგია ამ რეზოლუციის მიღების. ეს გულდასაწყვეტია, რადგან, სასურველი იქნებოდა რომ რეზოლუცია მიგვეღო ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით. თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპოზიციის თვითმიზანი არის არა რეალური საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, არამედ, მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია. მინდა მოვუწოდო, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა, სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ფრაქციებს, გაითვალისწინონ ისტორიული რაკურსი, ექსკურსი და ხმა მისცენ ამ რეზოლუციას, რადგან წლების შემდეგ, მათი ხელმოწერები ამ რეზოლუციაზე არ აღმოჩნდება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა პროექტის ინიციატორებისგან მოითხოვდნენ რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ ყოფილიყო დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაცია, მათი თქმით, დოკუმენტი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებდა მხარდაჭერას და არ დარჩებოდა მხოლოდ მმართველი გუნდის ერთპარტიულ დოკუმენტად. ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა და ცალკეულმა დეპუტატებმა რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები და შეფასებები გამოხატეს.
„რეფორმების ჯგუფი“ თეონა აქუბარდია: „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება, რამდენადაც ის არის შინაარსისგან დაცლილი და რამდენადაც არ უნდა ამტკიცოთ, რომ ის გათვლილია ყველანაირ სცენარზე და დროს გაუძლებს, ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, მოერიდეთ მისი სახელის ხსენებას, თქვენ ანაცვალეთ პარლამენტში ერთიანობას თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და თქვენი შიშები და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აჩვენეთ ყველას, რომ ზეპარტიულ საკითხებზე ამ პარლამენტში შეთანხმება არის შეუძლებელი“.
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპული სოციალისტები“ თავმჯდომარე თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეზოლუცია ნაადრევია და არ უნდა იყოს. დღეს რაც ხდება ამ ორ დიდ, მონსტრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთდაპირისპირებაში და გავლენების გადანაწილებაში, იმაზე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ დღეს ვიხილავთ აქ თუ როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გაცილებით მაღლა უნდა დავაყენოთ. ორთქლმავლის წინ ნუ მივდივართ“.
ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ სალომე სამადაშვილი: „დაპირისპირება, რომელშიც ჩვენ დიდი ხანია შევედით, არის თავისუფალ სამყაროს და რუსეთს შორის. არანაირი შუალედური პოზიციები აქ არ არსებობს. შენ ან გინდა იყო თავისუფალი სამყაროს წევრი და მზად ხარ ამისთვის იბრძოლო ბოლომდე. ან არ გინდა თავისუფლება და უნდა დაელოდო და ნახო. იმარჯვებს ბოროტება? მაშინ აღარც დაგჭირდებათ თავის და ხალხის მოტყუება, რომ თავისუფლების მხარეს დგახართ. იმიტომ, რომ არ დგახართ ამ მხარეს. თავისუფლების მხარეს რომ იდგეთ, როგორ გაბედავდით, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ახრჩობს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე მოძმე ხალხს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან, საქართველოს პარლამენტში წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერია ნათქვამი“. ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე: „ კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ამ პარლამენტს ეყოს გამბედაობა და აგრესორს უწოდოს აგრესორი. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ არის თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება ჩვენი უახლოესი მეგობრის საზღვრებთან და თვალის დახუჭვა იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას. არგაღიზიანების პოლიტიკა დავარქვათ ამას, უხერხემლო პოლიტიკა თუ სხვა, კვლავ ვხედავთ მცდელობას, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს გაყვანილი იყოს ამ პრობლემებიდან და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციაზე, დაძაბულობაზე. თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, ამით ვიმეორებთ იგივე გზავნილს, რასაც ამბობს რუსეთის ოფიციალურ პროპაგანდა.“
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე: „დღეს, აქ, პარლამენტის დარბაზში სრული ლუსტრაცია მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული და ამ მიზანმიმართულებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი-ეს არის რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან. თქვენ ვერ ბედავთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ჩაწერილი იყოს რეზოლუციაში, როდესაც მთელი ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მოდით, ერთობლივი რეზოლუცია მივიღოთ, ერთად წავიდეთ უკრაინაში, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ ის საფრთხეები, რომელიც იყო აუცილებელი“.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – სოზარ სუბარი: „ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი ოპონენტების რიტორიკა აბსოლუტურად აცდენილია იმ ტონს, რასაც უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ. მათი ინტერესი-უკრაინის სახელმწიფოს ინტერესი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესი არის ერთიდაიგივე, მოხდეს დაძაბულობის შემცირება და ომის თავიდან აცილება. კარგი იქნება ოპოზიცია თუ მხარს დაუჭერს რეზოლუციას, თუმცა, დაუჭერენ თუ არ დაუჭერენ, ეს იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – რატი იონათამიშვილი: „რუსეთი, არის აღიარებული როგორც ოკუპანტი ქვეყანა და პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე და ადამიანების უფლებების მდგომარეობაზეც სწორედ რუსეთს აქვს დაკისრებული. ეს გადაწყვეტილება არის „ქართული ოცნების“ დამსახურება და ამის მერე, ვფიქრობ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა ის პროპაგანდა, რომელიც თქვენ გაქვთ გაჩაღებული, გქონდათ მანამდეც და გაქვთ დღესაც, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ არ არის პროდასავლური ძალა. ვის ინტერესშია რომ მსგავსი განცხადებები კეთდებოდეს საქართველოს პარლამენტში – ეს არის რუსეთი, რომლის ინტერესებსაც თქვენ ახმოვანებთ ხოლმე როგორც წესი.“
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი: „პრაგმატულად თუ შევაფასებთ სიტუაციას, რა ხდება მსოფლიოში, და რა დამოკიდებულება აქვთ ამ პროცესების მიმართ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, დავინახავთ, რომ შეუძლებელია იმის გაკეთება, რასაც ჰქვია ერთობლივი რეზოლუციის მიღება. რეალობაში ვხედავთ, რომ გლობალური დაპირისპირების ხასიათი გაცილებით უფრო მძიმეა, მწვავეა და უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე ამ ტრიბუნიდან თუ ადგილებიდან ითქვა. საქართველოს სწორი პოზიცია უკავია. საქართველო არის სეგმენტი ამ დაპირისპირებისა, მაგრამ საგანგებოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი და საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, მისმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, როდესაც ნებისმიერ საკითხზე ვმსჯელობთ, რომელიც ეხება ამ გლობალური პროცესების მიმდინარეობას. ზუსტად ის პოზიცია გვიკავია, რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს და ეს აისახა კონსტიტუციაში. სამი მთავარი ასპექტი არის გასათვალისწინებელი შემოთავაზებულ რეზოლუციის პროექტში. საქართველოს ინტერესები, რომ მისი პოზიციები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში იყოს მძლავრი, მტკიცე და შეუცვლელი – ყველანაირად უზრუნველყოფილია. ომი არ სჭირდება უკრაინას და ამაზე ლაპარაკობს მთელი პოლიტიკური უკრაინული ისტებლიშმენტი. ომი არ გვჭირდება – ესეც ასახულია. საქართველო და უკრაინა დგანან იმ პოზიციაზე, რომელსაც ითვალისწინებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ესმით ბრიუსელში, ესმით ვაშინგტონში, არ ესმით კახეთის გზატკეცილზე. ეს არის განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის.”
„იმის მიუხედავად, მისცემს თუ არა ოპოზიცია ხმას რეზოლუციას, მას არაფერი დააკლდება. როდესაც ჩვენ გთავაზობთ ხელი მოაწეროთ რეზოლუციას, ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს ერთიანი. თუ ამ სურვილს გაიზიარებთ, კარგი იქნება თქვენთვის და კარგი იქნება სახელმწიფოსთვის. ჩვენი რეზოლუცია არის დოკუმენტი, რომელსაც თქვენ ვერ შეეწინააღმდეგებით ვერც ერთ სიტყვაში. რეზოლუციის მიზანი არ არის რუსეთის ფედერაციის, როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის გამომზეურება, მათი დადანაშაულება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ძალა, მიზნად ვისახავთ რეგიონში დაძაბულობის შემცირებას. ეს არის ჩვენი ამოცანა, არასდროს ჩვენ ეს არ დაგვიმალავს, და ეს არის ასახული ამ რეზოლუციის პროექტში. იმავდროულად, რეზოლუცია მიმართულია უკრაინის მხარდაჭერისკენ და მიმართულია, რაც მთავარია, საქართველოს ინტერესებისკენ“, – განაცხადა რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი ხელაშვილმა.