პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

06/03/2024

პარლამენტმა პირველი მოსმენით „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებული ცვლილებები მიიღო. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში ცვლილებების თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნია. მისივე განცხადებით, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები. კანონპროექტებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელების არჩევის დროს, სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.

„ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ მოგვეცა 9-პუნქტიანი გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში ერთ-ერთ საკითხად განისაზღვრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. საპარლამენტო ოპოზიციონერ კოლეგებთან და სამოქალაქო საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებთან ერთად გვქონდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. ცვლილებების პაკეტი არის ამ სამუშაო ჯგუფში განხილვის შედეგად შემუშავებული კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0