პარლამენტმა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები მიიღო

01/12/2022

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით დაუჭირა მხარი „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ისაუბრა. კანონპროექტით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობასთან და გაანგარიშების წესთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება. სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის ყოველწლიურად დამოკიდებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე და არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას. სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპის შემოღებით კი, ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება. სოციალური პაკეტის ინდექსაცია წარმოდგენილი რედაქციით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდის მიზნით, სოციალური პაკეტის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს აწესებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0