პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. კანონპროექტი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გაიმართა კონსულტაციები საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ასევე, გაზიარებულია სახალხო დამცველის ცალკეული შენიშვნები.
„მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კონსულტაციის შემდეგ შევიდა კანონპროექტში, არის ის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, აღნიშნული პირები იგივე სახელფასო განაკვეთით ისარგებლებენ, რაც მათ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანამდე ჰქონდათ. მისივე თქმით, რეორგანიზაცია არ იწვევს ავტომატურად რაიმე ფორმით სამსახურებრივი ურთიერთობის პირდაპირ შეწყვეტას. კონკურსი, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოცხადდება, იქნება განმსაზღვრელი იმისა ამ კონკურსის შედეგად ვინ დარჩება თანამშრომლად.