პარლამენტმა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

15/12/2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონსა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ასობით ათასი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლია, რომელთან დაკავშირებითაც თავის დროზე სამშენებლო დოკუმენტაცია არ გაცემულა, არ არსებობდა შესაბამისი პროექტები ან ექსპლუატაციაში მიღების აქტი და საკითხი მოწესრიგებას საჭიროებს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოების შემსრულებელ პირად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი განისაზღვრება. სერტიფიცირებული პირის მიერ ჩატარებული საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოები შესრულებული იქნება მაღალი ხარისხით, ერთიანი სტანდარტების გათვალისწინებით, რაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სრულყოფილი მონაცემების დარეგისტრირებას განაპირობებს. ​„სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების თანახმად, კანონიერად ჩაითვლება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2024 წლის 1 იანვრამდე მიწის მესაკუთრის მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0