პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტით, ზუსტდება კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრის გავრცელების პირობა და კეთდება კონკრეტული ნორმების ჩამონათვალი თუ ვისზე გავრცელდება იგი. მისივე თქმით, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დღეს არსებული 560- ლარიანი ლიმიტი იზრდება და განისაზღვრება 1000 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში მუშაობის პერიოდი ჩაითვალოს ნამსახურობის ვადაში.
„დაახლოებით 45 მლნ. ლარით გაიზრდება ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონპროექტის ამოქმედება იგეგმება 2024 წლის 1 მაისიდან“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.