პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს. ანგარიში დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გააცნო. გრიგოლ ლილუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა 2021 წელს განვითარებულ უსაფრთხოების პროცესებზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების, რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე-ფაქტო რეჟიმების უკანონო აქტივობების შესახებ ისაუბრა. როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.
გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.
„მსურს დავარწმუნო, პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, ასევე, პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დადასტურებად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც“ – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, გრიგოლ ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებთან. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალებისა და პრევენციის მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ანგარიშის წარდგენისას, გრიგოლ ლილუაშვილმა „ჰიბრიდულ საფრთხეებზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი იყო.
„საანგარიშო წლის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ხდებოდა აღნიშნულ კამპანიებში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების, ასევე, მათი დაფინანსების წყაროებს გამოვლენა. შესაბამისი დანაყოფების მიერ დგინდებოდა ცალკეულ აქტორებს შორის ურთიერთკავშირები და მათ მიერ საქმიანობაში გამოყენებული მეთოდები. მიმდინარეობდა მოსალოდნელი რისკების შეფასება და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება,“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატებს განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა დადებითად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, 2021 წელს შემუშავებული საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე, გააცნო სტრატეგიის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სტრატეგიაში ტერორიზმის კუთხით ახალი მოცემულობების და რეალიების გათვალისწინებით გაიწერა. გრიგოლ ლილუაშვილმა ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა შეაჯამა. როგორც 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რეგიონში განსაკუთრებულად გაზრდილი საფრთხეებისა და ზოგადად, 2021 წელს, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ახალი გამოწვევების პირობებში, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან გადაიდგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განმტკიცებისთვის. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა როგორც პროფესიული განვითარების, ასევე, ცალკეული დანაყოფების ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, საანგარიშო პერიოდში საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს, მან ასევე პატივისცემა გამოხატა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მიმართ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.