პარლამენტმა საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

18/04/2024

საქართველოს პარლამეტმა 81 ხმით, ერთხმად „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმების“ რატიფიკაცია მოახდინა. საკითხი სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ამ შეთანხმებით დარეგულირდება სპეციალიზებულ სააგენტოსთან დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის სტანდარტები, ამავდროულად, დადგინდება ეროვნული რეგისტრები, რომლებიც საქართველოს შემთხვევაში იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხოლო ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს მხრიდან იქნება ევროპოლის ოპერატიული ცენტრი და ევროპოლის კონფიდენციალურობის დესკი. აღნიშნული ორგანოები იქნებიან პასუხისმგებელი შესაბამისი გრიფით დაცული საიდუმლო ინფორმაციის მიღებასა და მის უსაფრთხო მიწოდებაზე ეროვნულ თუ ევროკავშირის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს შორის.

„ეს სააგენტო არის ე.წ. ევროპის პოლიციის სამსახურის უფლებამონაცვლე, რომელიც ებრძვის დამნაშავეობას, ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმს, ნარკოტიკულ დანაშაულს. შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს, მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციის მიმოცვლას, რაც აუცილებელია ამ დანაშაულის გახსნისათვის, ვინაიდან 2017 წელს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს ამ მონაცემების გაცვლას, თუმცა არ ფარავს საიდუმლო ინფორმაციას და ახლა სრულად იქნება შესაძლებელი დამნაშავეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიმოცვლა მხარეებს შორის“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0