პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს 78 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პროექტის თანახმად, უქმდება საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც მოწმის, გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება. შესაბამისად, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებს მიენიჭებათ ასეთი სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა. ამავე დროს, კანონპროექტი მიუთითებს, რომ სხვა მტკიცებულებების მსგავსად, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირთა მიერ ჩვენებისას/გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა უნდა შეფასდეს მოსამართლის/გამოკითხვის ჩამტარებელი პირის მიერ მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმების გამოყენებით, რითაც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულების უტყუარობის ტესტით შეფასების ინტერესი. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები მოწმის, გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღებიდან ტექსტობრივად გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება.
შესაბამისად, განხილული კანონპროექტი შშმ პირებისათვის, მიუხედავად შეზღუდვის სახისა, მოწმის, გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღების პროცესუალურ შესაძლებლობას ქმნის.
პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
21/02/2024