პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

22/03/2023

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კანონმდებლებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა წარუდგინა.
მომხსენებელმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედიამონიტორინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედია არის პლურალისტური და მრავალფეროვანი, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მთავარ გამოწვევად სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება დასახელდა, რაზეც ასევე მიუთითებდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებიც. გამოკვეთილი პრობლემების ნაწილის მოგვარება 2022 წელს მაუწყებლობის კანონში ევროდირექტივების მოთხოვნის შესაბამისად შესული ცვლილებებით დაიწყო, რომლის თანახმად მოხდა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემების და რეკლამების რეგულირება,“ – განაცხადა კახი ბექაურმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ გამოწვევის აღმოფხვრის მიზნით საჭიროა ფართო დისკუსიის გამართვა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში მედიაში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებისა და გამონათქვამების ტირაჟირებაა, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. ასევე, ყურადღება გაამახვილა მაუწყებლებში დაფიქსირებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი გადაცემებისა და ვიდეოკადრების გავრცელებას ეხება. ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელმა მაუწყებლობის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა. კახი ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის მიერ მობილური ოპერატორების სატარიფო მოქნილობის დაბრუნება და საცალო მომსახურების სეგმენტზე სატარიფო რეგულაციის გაუქმებას გაუსვა ხაზი. ​ასევე, ისაუბრა მობილური მომსახურებების ბაზრის გახსნაზე, ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციებზე. სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ შევიდა 367,373,890 ლარი. ხოლო, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ კი 33,943,382 ლარი შეადგინა. ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ – 333,344,375 ლარი შეადგინა. ლიცენზირებიდან მიღებულმა შემოსავალმა – 18,954 ლარი. ​ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის სახით, ბიუჯეტში 67,179 ლარი ჩაირიცხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0