დეპუტატებმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს. მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ.
„მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია. 2023 წელს განსაზღვრული სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების მაჩვენებლები ჯამურად იზრდება 270,0 მლნ ლარით. ამ ცვლილებების გათვალისწინებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, მის წინა ვერსიებთან შედარებით, ფინანსური რესურსი იზრდება 660,0 მლნ ლარზე მეტით. შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გაიზრდება 2,1 მლრდ. ლარით, 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით, და დაახლოებით 21,9 მლრდ. ლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1,8 მლრდ ლარით და დაახლოებით 17,6 მლრდ. ლარს შეადგენს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2023 წელს, დაახლოებით, 2 მლრდ. ლარით გაიზრდება და 21,9 მლრდ. ლარს შეადგენს გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 6,9 მლრდ. ლარი იქნება. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი სოციალურ პროგრამებს მოხმარდება, კერძოდ, პენსიების მომატებას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას. საბიუჯეტო სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი ფენების სამუშაოთი უზრუნველყოფას. რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი საწყისი პროგნოზით 2023 წელს, დაახლოებით, 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი კი – ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციასა და სკოლების მშენებლობას. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 2 მლრდ. ლარი, საიდანაც ნაწილი მოხმარდება მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასების მომატებას 125 ლარით, ასევე სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10%-ით ზრდას. პროექტი ითვალისწინებს ხელფასის ზრდას 15-დან 18 ლარამდე ერთ საათზე პროფსასწავლებლების მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, თანხა მოხმარდება სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობასა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მინისტრის ინფორმაციით, ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია ასევე თავდაცვის სამინისტროსთვის, რომლის ბიუჯეტი 1,3 მლრდ. ლარს შეადგენს. სამხედრო პირთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება. გაიზრდება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. პოლიციის თანამშრომლებს ხელფასი 20%-ით მოემატებათ. გაიზრდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები 10%-ით, ხოლო უწყების ბიუჯეტი შეადგენს 431,2 მლნ ლარს. მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 22 მლნ ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,3 მლნ ლარს შეადგენს.