პარლამენტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

21/06/2022

პარლამენტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და მეორე მოსმენით მხარი 77 ხმით დაუჭირა. კანონპროექტის მიღება განპირობებულია ეროვნული სადაზვერვო სისტემის და სადაზვერვო საქმიანობის დახვეწის, ასევე, ამ კანონის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს დაზვერვის სამსახურის შემდგომ განვითარებას და კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას. კანონპროექტის თანახმად, გაიზრდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, პროექტით წესრიგდება საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მიღებული პირის გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსის გავლასთან და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენი კომიტეტი სრულად უჭერს მხარს შემოთავაზებულ პაკეტს, ვინაიდან საკანონმდებლო ინიციატივა სრულად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენი ამოცანაა, რომ მოხდეს ძალაუფლების სწორი გადანაწილება, იყოს კონტროლის ცენტრალიზებული და აღსრულების დეცენტრალიზების სისტემა. ის, რომ პრემიერ-მინისტრი ამას უწევს ზედამხედველობას, უცხო არ არის ბევრი განვითარებული ქვეყნის პრაქტიკისთვის. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გაზრდილია პარლამენტის როლი, როდესაც პარლამენტი უზრუნველყოფს აქტით პრემიერის უფლებამოსილებას, რომ მან მოახდინოს დოკუმენტის დამტკიცება“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0