პარლამენტმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი 81 ხმით დაუჭირა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, ცვლილებათა პაკეტი დაზვერვის სამსახურის შემდგომ განვითარებას და არსებული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
„ცვლილებების შედეგად, დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა იზრდება. შესაბამისად, ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
ცვლილებები სამსახურში მიღების წესსაც შეეხება, რომლის მიხედვითაც პირის სამსახურში დანიშვნა გამოსაცდელი ვადით მოხდება. სამსახურის საკადრო სისტემის მდგრადობისა და კარიერული სისტემის განვითარებისთვის, კანონმდებლობით განისაზღვრება სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური დანაყოფების ხელმძღვანელების დანიშვნის და ასევე, დიპლომატიურ მისიებში სამსახურის წარმომადგენლის მივლინების პირობები. პირობების თანახმად, პირს აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილების შემთხვევაში მიეცემა.