პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა „მუზეუმების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილების პროექტი, რომელიც სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომელიც ტერმინის – „სამხედრო მუზეუმი“ განმარტებას ითვალისწინებს. განმარტების თანახმად, სამხედრო მუზეუმი – ღია სივრცეში ან/და შენობაში განთავსებული მუზეუმია, სადაც დაცულია საქართველოს თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამხედრო წარსულის ისტორიული და ტექნიკური განვითარების ამსახველი მნიშვნელოვანი მასალები, სამხედრო ტექნიკის ნიმუშები და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანა და მიზანია სამხედრო მუზეუმის დაარსება. აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს პრემიერის ინიციატივის განხორციელებას და მუზეუმის დაარსებას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, დიდი ბრიტანეთში სხვა მუზეუმებთან ერთად, არსებობს ასევე სამხედრო მუზეუმები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ცნობიერების ამაღლების, აკადემიური წრეების ინფორმირების, ასევე პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნას ითვალისწინებს და ამ ახალი ტიპის მუზეუმის შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს დაარეგულირებს, პარლამენტის წევრების: ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ირაკლი ბერაიას, ელისო ბოლქვაძის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ხელაშვილის, რესან კონცელიძის, ალექსანდრე ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. პარლამენტმა „მუზეუმების შესახებ“ კანონპროექტი 82 ხმით მიიღო.