პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი 80 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა. საკითხი განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. კომისიის წევრობის კანდიდატები არიან: დავით მაღლაფერიძე, მაკო ჯაოშვილი, გოდერძი შარაშია, ნინო მეუნარგია, ოთარ ტატიშვილი, ნინო კაკულია, გედევან ჯინჭარაძე, მარიამ გვიდიანი და გივი აბესაძე.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა. კონსულტაციების შედეგად, შერჩეულია შემადგენლობა. მათ შორის, ოპოზიციასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ წარმოედგინა კომისიისთვის საკუთარი კანდიდატურები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი მხრიდან არავინ იყო წარდგენილი. ასევე, შეთავაზება ჰქონდა სახალხო დამცველსაც, რომელმაც კომისიის წევრობის კანდიდატი დაასახელა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა კომისიაში ეკა წამალაშვილის კანდიდატურის დამატება ითხოვა, თუმცა მას უარი ეთქვა.
„საკმარისი დროც გქონდათ და შესაძლებლობაც, რომ კანდიდატი წარმოგედგინათ. ახლა არ იქნება კორექტული, რომ შემოთავაზებული სიიდან ვინმე ამოვიღოთ“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საპარლამენტო სუბიექტებს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდეც წინა სხდომაზე უნდა გამართულიყო კენჭისყრა, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიციის მხრიდან არ იყო საბოლოო პასუხი, საკითხი დღეს განიხილება.
„ჩვენი მიზანიც იყო ოპოზიციის ჩართულობა, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე არც ერთი კანდიდატურა არ წარმოგვიდგინეს, შესაბამისად, შეთანხმება უკვე მოხდა იმ ცხრა პირთან, ვინც დღეს წარმოდგენილია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.