პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა. მომხსენებელმა ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული, შინაარსობრივი და სამოქმედო პრიორიტეტების შესახებ. დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საეთერო ბადეში განხორციელებულ სიახლეებზე, მაყურებლისა და მსმენელისათვის პროდუქციის მიწოდების გზებსა და პლატფორმებზე, პროგრამული პრიორიტეტების შეფასების საზომებზე და საეთერო პოლიტიკის კვლევის შედეგების თაობაზე. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე, ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეების თაობაზე.
„პირველი არხის საქმიანობის სულისკვეთება ძირითადად არის დასავლურ ცივილიზაციასთან მიერთება, ამას ემსახურება და ამას ამკვიდრებს იმ საინფორმაციო გადაცემებით, სერიალებით, დოკუმენტური თუ სხვა ფილმებით და გადაცემებით, რომელსაც მაყურებელს ვთავაზობთ“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის პლატფორმა, სადაც რეალურად ხორციელდება ისეთი პროექტები, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება, მათ შორის, ქართულ სივრცეში. ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ამ დაწესებულებას ზედმიწევნით კარგად სრულდება, ეს გულისხმობს ობიექტურ ინფორმაციას და ასევე სოციალურ პროგრამებს, პროგრამებს სამოქალაქო ინტეგრაციის და საგანმანათლებლო მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.