პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

13/12/2023

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 77 ხმით მიიღო. კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის სასაქონლო კოდების „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურის 2022 წლის რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება როგორც მკვეთრად, ასევე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. კოდექსში შესატანი ცვლილებებით ტერმინი „იმპორტის გადასახადი“, იცვლება ტერმინით „საბაჟო ვალდებულება“. კანონპროექტით ასევე წესრიგდება 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან სადაზღვევო ორგანიზაციის დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0