პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანას. მომხსენებლის, ფინანასთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროექტი „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევია და სამი საკითხისგან შედგება. პირველი საკითხი ეხება დამატებითი ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემის მოქმედების ვადის ერთი წლით გახანგძლივებას.
„რაც შეეხება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ პერიოდს, აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა დღგ-ს განაწილების სისტემასთან ერთად შემოღებულ იქნეს საშემოსავლო გადასახადის განაწილების სისტემაც და ქვეყანაში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დარჩეს მუნიციპალურ ბიუჯეტებში“, – აღნიშნა ფინანასთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მეორე საკითხი ითვალისწინებს განათლების და მეცნიერების მშპ-ს 6%-მდე დაფინანსების ვალდებულების გადავადებას 2028 წლამდე. კანონპროექტით, ასევე, უქმდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულის გაცემის ყოველთვიური გეგმის დამტკიცების ვალდებულება.